სტუდენტების ბრძოლა უფლებებისთვის თუ უნივერსიტეტში შეჭრილი პოლიტიკა – ბატალიები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტთა ერთი ნაწილი უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვს. მათ ამ მიზნით საპროტესტო აქციები გამართეს. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, იწყებენ ბრძოლას სტუდენტების უფლებების დასაცავად. 

„სამუდამოდ უნდა დასრულდეს უნივერსიტეტში არსებული ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც უნივერსიტეტში ქმნის იმ უძრაობის ფონს, რომლის მსხვერპლიც თითოეული სტუდენტია. საპროტესტო აქციების გზით მოვითხოვთ გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი – ბატონი ვლადიმერ პაპავა და ყველა ის პირი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებს და შედეგად სტუდენტებში დაპირისპირება ღვივდება. ამ ადამიანებმა ორწლიანი მმართველობის პერიოდში ვერ შეძლეს, არათუ პრობლემების აღმოფხვრა, არამედ დაკისრებული მოვალეობის კომპეტენციის ფარგლებში შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თსუს სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაავრცელა.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მოთხოვნებში ასევე შედის:

დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის მოხსნა; ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; სტუდენტებისათვის მეთერთმეტე დამატებითი სემესტრიდან სრული გადასახადის მაგივრად კრედიტების გადასახადის დაწესება; არამარტო რექტორის არამედ ადმინისტრაციის სრული რეორგანიზაცია; ახალ ადმინისტრაციასთან ერთად არსებული ბიუჯეტის გადახედვა და დათვლა; განათლების სამინისტროს გამოღვიძება, უმაღლესი საგანმანათლებლო კანონის გადახედვა და მასში სხვადასხვა სახის ცვლილებების შეტანა; უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გაბერილი კადრების შემცირება. ფონდის შექმნა, სადაც უნივერსიტეტში მომუშავე ადამიანები ვისაც 1000 ლარზე მეტი ხელფასი აქვთ გადარიცხავენ ხელფასის 2%ს. დაგროვილი თანხა კი მოხმარდება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, საერთო საცხოვრებლის მოწესრიგებას, ინფრასტრუქტურასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს; უღირსი და არაპროფესიონალი ლექტორების უნივერსიტეტიდან გაშვება, რომლებიც ხელს უშლიან ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და ამუშავებას; ლიტერატურის თარგმნა და ინგლისური ენის სწავლების დაწყება სერიოზულ დონეზე;  ტენდერებისა და სხვა პროცედურების გამჭვირვალობა.

რექტორის გადადგომის მოთხოვნას და საპროტესტო აქციების გამართვას არ ეთანხმება სტუდენტთა ნაწილი. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი შალვა სარდალიშვილი „აიპრესთან“ საუბარში ამბობს, სტუდენტთა ნაწილი კატეგორიულად არ უერთდება უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციას:

„თვითმმართველობა, რომელიც ადრე ხმას არ იღებდა უნივერსიტეტის პრობლემებზე და არ უერთდებოდა არცერთ საპროტესტო აქციას, რომელიც უნივერსიტეტში იმართდებოდა ძალიან ხშირად, მათ შორის მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში, გაუგებარია, დღეს ასეთი ხისტი მეთოდებით რატომ ითხოვს რექტორის გადაყენებას. ისინი არ უერთებოდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამართულ საპროტესტო აქციებს, როგორიც იყო გაზგასამართი სადგურის მშენებლობა უნივერსიტეტის მიმდინარე ტერიტორიაზე, არ უერთებოდნენ ისეთ მნიშვნელოვან მოთხოვნას, როგორიც არის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება სახელმწიფოსგან და ა.შ. მაინცდამაინც ახლა რატომ გაახსენდა თვითმმართველობას უნივერსიტეტის პრობლემები?

არის ერთი გარემოებაც, წლების განმავლობაში სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი დაფინანსება, დღეს დაფინასება მათ მკვეთრად შეუმცირდათ და პრივილეგიებსაც ნელ-ნელა კარგავენ, ესეც არის გარემოება, რამაც გამოწვია მათი გაღიზიანება და რის გამოც ითხოვენ რექტორის გადაყენებას. ანუ მათი მოთხოვნა არის პირადი ინტერსებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, მათ უნდათ რექტორად ისეთი პიროვნება, რომელიც თვითმმართველობას დაკარგულ პრივილეგიებს აღუდგენს და დაფინასებას გაუზრდის. ამ ყველაფერს კი ჩვენ დანარჩენი სტუდენტები არ დავუშვებთ!“ – აღნიშნავს შალვა სარდალიშვილი.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის თორნიკე შევარდნაძის თქმით, სტუდენტებმა და უნივერსტეტმა პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს უნდა მოთხოვონ, რადგან ამის ბერკეტი სწორედ მას გააჩნია.

„დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, იქნება ეს დღევანდელი თუ სხვა ნებისმიერი, არ შეუძლია, დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც უნივერსტეტის წინაშე დგას. უნივერსიტეტში მართლაც არსებობს ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული პრობლემები, თუმცა ამის მოგვარებას სისტემური ცვლილებები სჭირდება და არა კონკრეტული პიროვნებების შეცვლა“, – ამბობს თორნიკე შევარდნაძე.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი და  სტუდენტური თვითმმართველობის დამოუკიდებელი დელეგატი თორნიკე ართქმელაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის დამოუკიდებელ წევრთა ნაწილი აპირებს, პროტესტის ნიშნად დატოვონ თვითმმართველობის დელეგატის მანდატი, რადგან არ სურთ ასოცირდებოდნენ იმ ორგანიზაციასთან, რომელმაც პროცესების მარგინალიზება მოახდინა.

„თავდაპირველად უნდა ვისაუბროთ თვითმმართველობის დაფინანსებაზე, ეს არის სტრუქტურა, რომელსაც წლების განმავლობაში თითქმის მილიონიანი დაფინანსება ჰქონდა და ამ თანხას თავისი მიზნებისთვის იყენებდნენ. ახალი რექტორის, ვლადიმერ პაპავას პირობებში ეს დაფინანსება შემცირდა, მიუხედავათ ამისა, რამდენიმე თვის წინ მათ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 19 000 ლარი გამოიყენეს ბაკურიანში ე.წ. ტრენინგში, სადაც მონაწილეობას რატომღაც მხოლოდ თვითმმართველობის წევრები იღებდნენ.
მინდა, ასევე ვისაუბრო რექტორთან კომუნიკაციის სიმარტივეზე და მაგალითად მოვიყვანო გასულ ზაფხულს გამართული შეხვედრა, სადაც სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს (მათ შორის მეც) რექტორი ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე შეგვხვდა და საკითხები, რომელთა მოგვარებაც დაუყოვნებლივ შეიძლებოდა მეორე დღესვე მოგვარდა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გამოთქვა რექტორმა მზაობა ზემოდხსენებული გაზგასამართი სადგურის მშენებლობის გაპროტესტებაზე თუ საკითხი გამწვავდებოდა, ასეც მოხდა.

ჩვენსა და თვითმმართველობის უმრავლესობას შორის ყოველთვის არსებობდა განსხვავებები მაგრამ ის რაც ამ დღეებში ხდება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია.
უნივერსიტეტში არის პრობლემები, ამ პრობლემებს უნდა მოგვარება და ისინი არ გადაიჭრება რექტორის გადადგომის შემთხვევაში, პირიქით უფრო გამწვავდება. ვლადიმერ პაპავას რექტორობის დროს თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%_ში შევიდა და კავკასიის საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და უკეთესობის ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება. უნდა დავუპირისპირდეთ პრობლემებს და არა პიროვნებებს“, – აღნიშნა თორნიკე ართქმელაძემ.

სტუდენტებს ეჭვი აქვთ, რომ პროცესი არის პოლიტიკურად მართული, რადგან თსუს რექტორის გადასაყენებლად საპროტესტო და შიმშლილობის აქციას უერთდებიან ილიაუნის თვითთმართველობის წარმომომადგენლები.

„ილიაუნში ჩვენზე მეტი თუ არა ჩვენზე არანაკლები პრობლემებია, თუმცა ეს სტუდენტები არ ითხოვენ თავიანთი პოლიტიკურად ანგაჟირებული რექტორის გადაყენებას. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია თუ რატომ ითხოვს სხვა უნივერსიტეტის სტუდენთა ნაწილი ჩვენი რექტორის გადაყენებას, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს კავკასიისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობებმა. ჩემი აზრით, სტუდენტებს ერთიანობა და სოლიდარობა სჭირდებათ განათლების ზოგად საკითხებზე და არა კონკრეტული უნივერსიტეტის რექტორის გადაყენება-არგადაყენების საკითხზე“ , – უთხრა „აიპრესს“ შალვა სარდალიშვილი.

სტუდენტთა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თსუ აკადემიური საბჭოს განცხადება გაავრცელა, სადაც სტუდენტებს ადმინისტრაციასთან დიალოგისკენ მოუწოდა

„უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო პატივს სცემს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არასწორად მიიჩნევს მოთხოვნების შესასრულებლად რადიკალური ზომების, ამ შემთხვევაში შიმშილობის ფორმის, გამოყენებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოგმართავთ, უარი არ თქვათ დიალოგსა და თანამშრომლობაზე, რადგან თითოეული ჩვენგანი არის უნივერსიტეტის ნაწილი, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველი ნაბიჯი მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით და უნივერსიტეტის სასარგებლოდ უნდა გადავდგათ“,- ნათქვამია უნივერსიტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად