სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტის პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენების მიზნით სემინარი მიმდინარეობს

საქართველოში მუნიციპალური სივრცითი გეგმებისთვის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გამოყენების შესახებ, 19-20 სექტემბერს, სასტუმროში „Holiday Inn“ სემინარი მიმდინარეობს.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) ქართული კანონმდებლობისთვის ახალი ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას იძლევა დაგეგმარების ადრეულ ეტაპზე, მოხდეს პოლიტიკური და სივრცითი მოწყობის დოკუმენტების ამ კუთხით შეფასება.

„სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ახალ რეალობას ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის. გარემოს ზემოქმედების შეფასებისგან განსხვავებით, ჩვენი გამოცდილება ამ კუთხით შედარებით მწირია. შესაბამისად, მისი ეფექტიანი გამოყენებისთვის, ცოდნის ამაღლება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების იმპლემენტაცია მიმდინარეობს საპილოტე პროექტის ფარგლებში, რაც საშუალებას გვაძლევს ერთი მხრივ, გამოვკვეთოთ ის პრაქტიკა, რასაც დავამკვიდრებთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი შეფასების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, მივიღოთ საჭირო გამოცდილება იმ უცხოელი ექსპერტებისგან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ სემინარზე აღნიშნა, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) სრულიად ახალი ინსტრუმენტია და შესაბამისად, მისი იმპლემენტაცია და პრაქტიკაში გამოყენება მარტივი პროცესი არ არის. შესაბამისად, უცხოელი ექსპერტების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რათა რეალური შედეგები მივიღოთ.

სემინარის ფარგლებში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის, ხარისხის კონტროლის და რეკომენდაციის შემუშავებას, მარტვილის მუნიციპალიტეტში, კურორტ ლებარდეს განვითარების რეგულირების გეგმის მაგალითზე განიხილავენ. ორდღიანი სემინარი ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება.

სემინარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, თბილისის მერიის, ადგილობრივი და რეგიონული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად