სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქალაქში გლოვა გამოცხადდა

სტრასბურგის მერის, როლან რისის განცხადებით, ქალაქის ცენტრში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი სროლა ტერორისტულ აქტს უკავშირდება. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV იტყობინება.

მისი თქმით, თავდამსხმელის ზუსტი მოტივები ამჟამად უცნობია.

სტრასბურგის მერმა ასევე დასძინა, რომ თავდამსხმელს “პანიკის დათესვა” სურდა.

როლან რისის განცხადებით,  მომხდარი თავდასხმის შემდეგ, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქში გლოვა გამოცხადდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში საპროტესტო აქციების ჩატარება აიკრძალა.

დღეს, პარიზის პროკურორმა რემი ეიტსმა განაცხადა, რომ ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიენიჭა.

„თვითმხილველების განცხადებით, ეჭვმიტანილი „ალაჰ აკბარს” ყვიროდა, მომხდარს პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს “, – განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტაქსის მძღოლის ჩვენებით, ეჭვმიტანილმა მისი ავტომობილი გაიტაცა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს.

ტერორისტის ვინაობა უკვე დადგენილია – ის 29 წლის სტრასბურგის მკვიდრი შარიფ შეკატია. თავდასხმამდე ის პოლიციის ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, როგორც პოტენციური საფრთხის შემცველი პირი. მას სხვადასხვა სახის დანაშაულში საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში ადანაშაულებდნენ.

გერმანიის ფედერალური პოლიციის სისხლის სამართლის საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მისი დეპორტაცია 2017 წელს განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად