სტრასბურგში მომხდარი სროლის შემდეგ, საფრანგეთი უსაფრთხოებასა და სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შემდეგ, საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებსა და სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოსტი მინისტრის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მისი თქმით, მთავრობა “ტერორისტული საშიშროების” რეჟიმის დაწესებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

კასტანერმა დასძინა, რომ საფრანგეთში  ოპერაცია Sentinelle- ის ფარგლებში სპეცოპერაციები გააქტიურებულია, რომელიც უკვე სამი წელია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარიზში 2015 წლის ნოემბერში თავდასხმები განხორციელდა. კრისტოფერ კასტანერის თქმით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად ოპერაციაში ორი ვერტმფრენი და უშიშროების ძალების 350-ზე მეტი წევრია ჩართული.

ცნობისთვის, სტრასბურგის ცენტრში სროლა საშობაო ბაზრობის წინ მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.  ექვსი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. მომხდარს ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს.

29 წლის სტრასბურგის მოქალაქემ  ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის ცეცხლი გახსნა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, სროლა დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა. ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად