სტრასბურგში მომხდარ სროლას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ქალაქ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიენიჭა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახე პარიზის პროკურორმა რემი ეიტსმა განაცხადა.

„თვითმხილველების განცხადებით, ეჭვმიტანილი „ალაჰ აკბარს” ყვიროდა, მომხდარს პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილება იძიებს “, – განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტაქსის მძღოლის ჩვენებით, ეჭვმიტანილმა მისი ავტომობილი გაიტაცა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს.

ტერორისტის ვინაობა უკვე დადგენილია – ის 29 წლის სტრასბურგის მკვიდრი შარიფ შეკატია. თავდასხმამდე ის პოლიციის ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, როგორც პოტენციური საფრთხის შემცველი პირი. მას სხვადასხვა სახის დანაშაულში საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში ადანაშაულებდნენ.

გერმანიის ფედერალური პოლიციის სისხლის სამართლის საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მისი დეპორტაცია 2017 წელს განხორციელდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლორან ნუნიესმა განმარტა, რომ ის სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ქვეშ დიდი ხნის წინ მოექცა.

“ციხეში ყოფნის პერიოდში მას რელიგიური შეხედულებების გამო რადიკალიზაცია შევნიშნეთ. თუმცა, თავდასხმის მომზადების ნიშნები არ ყოფილა “, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად