ევროსასამართლო: გვარამია მოსამართლე ურთმელიძესთან მიმართებით კრიტიკის ყველა ზღვარს გასცდა

ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს მიერ, დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების დოკუმენტში „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, მოსამართლეების შესახებ საუბრისას დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ტერმინები გამოიყენა მათ მიმართ.

„რაც შეეხება მოსამართლეთა ასოციაციის მიერ 2015 წლის 31 აგვისტოს და 20 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებებს, სასამართლო ამ შემთხვევაშიც უკანონოს ვერაფერს ხედავს. პირველ რიგში, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ ეს განცხადებები გაკეთდა “რუსთავის 2”-ის გენერალური დირექტორის საჯარო თავდასხმების საპასუხოდ მოსამართლე თ.უ.-ზე. ტერმინები და გამონათქვამები კი, რომლებიც გენერალურმა დირექტორმა გამოიყენა ამ კონკრეტულ მოსამართლეზე სატელევიზიო განცხადებაში, შემდეგია: “ზონდერ მოსამართლე”, “უვიცი”, “გამყიდველი”, “მარიონეტი”, “ნაჯახით შეიარაღებული”, “დაქირავებული”, “ნაძირალა”. გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გენერალური დირექტორი არ მალავს იმ ფაქტს, რომ მან შეგნებულად გააკეთა ასეთი შეურაცხმყოფელი საჯარო განცხადებები მოსამართლის პროვოცირების მიზნით და მიიღოს საფუძველი მისთვის გათავისუფლების მოთხოვნით.”

დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ამ საქმეზე გადაწვიტა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიმართ კრიტიკა გამოეთქვა არა სასამართლოს სხდომათა დარბაზში, არამედ საქმის განხილვს მიმდინარეობისას, რომლის საშუალებაც მას ჰქონდა, მაგრამ გამოიყენა ძლიერი მასობრივი საშუალება “რუსთავი 2” და მიზანმიმართული პროვოცირება მოახდინა მოსამართლის, მისი საქმიდან აცილების მიზნით, რასაც სასამართლო ზღვარგადასულ საქციელად მიიჩნევს.

“გარდა ამისა, მოსამართლისთვის მიყენებული შეურაცხყოფა დასაშვები და მისაღები კრიტიკის ფარგლებს გასცდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გასცდა კრიტიკის ყველა დასაშვებ საზღვარს.“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...