სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2015-2017 წლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტში განიხილეს.

დოკუმენტის თანახმად, ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფის პროცესში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის სავალდებულო მოთხოვნად არ არის გათვალისწინებული მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე წვდომა, რაც შესაძლოა, ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენის და დაფიქსირების შესაძლებლობას ამცირებდეს.

რაც შეეხება სტაციონარული დაწესებულებების ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის კონტროლის ნაკლოვანებებს, სტაციონარულ დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის ეტაპზე რეგულირების სააგენტო სათანადოდ ვერ ახდენს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის მოთხოვნების შეფასებას.

კერძოდ, რეგულირების სააგენტო ნებართვის გაცემის ეტაპზე არ სწავლობს, აქვს თუ არა სტაციონარულ დაწესებულებას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის პროგრამა და მორგებულია თუ არა აღნიშნული პროგრამა კონკრეტულ სტაციონარულ დაწესებულებაზე. “მაგალითად, 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო 35-მა სტაციონარულმა დაწესებულებამ, მათგან 21 დაწესებულებას არ ჰქონდა წარმოდგენილი პროგრამა, ხოლო 14-ის მიერ წარმოდგენილი პროგრამა შაბლონურია და არ არის მორგებული კონკრეტულ დაწესებულებაზე.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ოქტომბრიდან სტაციონარული დაწესებულებების, დაახლოებით, 43%-მა საქმიანობა დაიწყო როგორც ინფექციის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის, ისე ხარისხის ინსტრუქციის გარეშე. რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების კონტროლი ხორციელდება დეტალური ინსტრუქციის გარეშე, სადაც განსაზღვრული იქნებოდა, როგორ უნდა შემოწმდეს სანებართვო პირობების თითოეული მოთხოვნა.

შედეგად, რეგულირების სააგენტოს მიერ არასათანადოდ დანერგილი კონტროლის მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის პირობებში, იზრდება რისკი, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ნაკლოვანებები“, – წერია სახელწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად