პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შეუძლიათ ნატო-ს სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდეთ, თუ რუსეთი მათ თავს დაესხმება. ამ ქვეყნებში ჯარების განლაგების გზით, ალიანსი “რუსეთს ძლიერ სიგნალს უგზავნის” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა.
”თუ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმა განხორციელდება, მას მთელი ალიანსი უპასუხებს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთში მტრებს ვერ ხედავს.
”თუმცა, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ნატო-ს არცერთი ქვეყანა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს არ დაუშვებს, როდესაც რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
3 დეკემბერს, ლონდონში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დაიმუქრა, რომ პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის დაცვის გეგმას შეაჩერებს, თუ ნატო სირიაში ქურთების თავდაცვის ძალებს (YPG) ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს. ეს შესაძლოა ლონდონში გამართული სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს.