სლოვენიის წარმომადგენელი სტოლტენბერგს: როდის ვიხილავთ საქართველოს ნატო-ს სრულუფლებიან წევრად?

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს,-“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი შეფასებით, წევრობის გარეშეც ალიანსი უფრო მეტ ნატო-ს ხედავს საქართველოში.

სლოვენიის წარმომადგენელმა იენს სტოლტენბერგს ჰკითხა, როდის გახდება საქართველო ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

„2019 წლის მარტში აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას თქვენ თქვით, რომ ნატო-ს ალიანსი არის არა მხოლოდ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ალიანსი, არამე ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსიც. სლოვენიის დელეგაცია სრულად გეთანხმებათ ამაში. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ ალიანსს უკვე შეუერთდა მონტენეგრო, რომ მას უკვე თითქმის შეუერთდა ჩრდილოეთ მაკედონია. სლოვენიის დელეგაცია მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და გვსურს, ვიხილოთ ნატო-ს წევრად საქართველო, რომელიც არის ჩვენი შესანიშნავი პარტნიორი და ჩვენი მისიების კონტრიბუტორი. ბატონო გენერალურო მდივანო, როდის ვიხილავთ საქართველოს ნატო-ს სრულუფლებიან წევრად?“,- ჰკითხა სტოლტენბერგს მათეი ტონინიმ.

შეკითხვაზე საპასუხოდ იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ არის.
“ნატო-ს კარი რჩება ღია. ამას ადასტურებს მონტენეგროს გაწევრიანება. მონტენეგრო ორი წლის წინ გახდა ჩვენი 29-ე წევრი და მალე ჩვენი წევრი გახდება ჩრდილოეთ მაკედონია. ასე რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ალიანსის კარი რჩება ღია. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ ნატო-ს სხვადასხვა სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების, გაძლიერებისკენ, რათა მათ ნატო-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. ასე რომ, ეს არის საკითხი, რაზეც საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ.

ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წევრობის გარეშეც ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში – ჩვენ გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი წვრთნა, გვყავს უფრო დიდი წარმომადგენლობა საქართველოში, ვიდრე ოდესმე გვყოლია. ეს არის კარგი საქართველოსთვის და ასევე ნატო-სთვის. ასე რომ, სრულუფლებიანი წევრობის გარდაც, ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად