სტოლტენბერგი: საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე

“კარგი ის არის, რომ ვხედავთ, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად”, -ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმების მხრივ ახორციელებს. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე, უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერების კუთხით, ასევე დემოკრატიული კონტროლის განხორციელების კუთხით და ბევრი სხვა მიმართულებით.

მე განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა სასამართლო სისტემის რეფორმას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთხოების ორგანოების ნაწილში. საქართველო ახლაც გადის წინსვლას, მივესალმები კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე.

ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატო-ს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე, ვაღიარეთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის და ნატო-სთვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის. მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით.

ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს ავია მიმოსვლის მონაცემების გაცვლას, ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია ავია ტრაფიკის შესახებ, ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატო-ს ალიანსის წევრებისთვისაც და ზოგადად, მომავალში არსებითი მიმართულება ექნება ამას რუსეთთან მიმართებით. ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.

ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსი, იმ ძლიერი ერთგულებისთვის, რომელიც ავღანეთში, ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება და ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია საქართველო ჩვენს მისიებში და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება შენარჩუნდება, რადგან ეს არის საუკეთესო მექანიზმი ჩვენ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად