სტოლტენბერგი: რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერშეტევები და კლიმატის ცვლილებები ნატოსა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეებია

რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერშეტევები და კლიმატის ცვლილებები ნატოსა და ევროკავშირის მთავარი საფრთხეებია, – ეს განცხადება პარასკევს გააკეთა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერების სამიტზე ჩასვლისთანავე.

”ნატოსთვის მთავარი ამოცანა იყო, რომ ჯანმრთელობის კრიზისი უსაფრთხოების კრიზისად არ ქცეულიყო. პანდემიის წინა პერიოდში სხვა ყველა საფრთხე უკვე არსებობდა. ეს არის რუსეთის აგრესია, ტერორიზმი, კიბერშეტევები, ჩინეთის ზრდა და კლიმატის ცვლილებები. ერთი ქვეყანა ან კონტინენტი ვერ უმკლავდება ამ ყოველივეს, მაგრამ ერთად შეძლებენ ამას “, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერი კიდევ ერთხელ მიესალმა ”აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ძლიერ სიგნალს, რომ კავშირი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის უნდა განმტკიცდეს”. ”ეს იქნება მთავარი თემა ნატოს ლიდერებისა, რომლებიც ამ წლის ბოლოს ბრიუსელში შეხვდებიან”, – დასძინა მან.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, ჩარლზ მიშელმა ნატოს გენერალური მდივანი ევროკავშირის ონლაინ სამიტის მეორე დღეს მიიწვია, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა გაიზარდოს “კოლექტიური შესაძლებლობები უსაფრთხოების გამოწვევებისა და საფრთხეების საპასუხოდ”. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანი ისარგებლებენ შესაძლებლობით, განიხილონ და გადაწყვიტონ შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრიუსელში ერთობლივი მოწვევის საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ისა და ნატო-აშშ სამიტების მასპინძლობისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...