სტოლტენბერგი: იმედი გვაქვს, საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება

“ჩვენ იმედი გვაქვს, საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატო-სთან აკავშირებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა თქვენთვის და ჩვენთვის.

საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრ სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის სწავლებებში, ავღანეთის მისიებში. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვიყოთ ამაყი. თქვენც უნდა იამაყოთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატო-ს უსაფრთხოებაში და ნატო-ს მისიების წარმატებაში.

ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა ნატო-ს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს რადარების მონაცემები, ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონში.

ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული, ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ თქვენი ყველა შესაძლებლობა, რათა უფრო დაახლოვდეთ ნატო-სთან და მოემზადოთ წევრობისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად