სტამბოლში, ირანული ტელეარხის მფლობელი მოკლეს

სტამბოლში, ირანული სატელიტური სატელევიზიო ქსელის GTM-ის მფლობელი, ბრიტანეთის მოქალაქე, საიდ კარიმიანი მოკლეს,-ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Hurriyet Daily News ავრცელებს.

თავდასხმა წუხელ, სტამბოლის ჩრდილოეთით მოხდა. კარიმიანთან ერთად მისი ბიზნესპარტნიორი, ქუვეითის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელიც ავტომობილს მართავდა.

მათ გზა შავმა ჯიპმა დაუბლოკა, რის შემდეგაც ნიღბიანმა მამაკაცმა ისროლა. სატელევიზიო ქსელის მფლობელი ადგილზევე დაიღუპა, მისი პარტნიორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით პოლიციამ ის ავტომობილი იპოვა, რომლითაც თავდამსხმელები გადადგილდებოდნენ. წინასწარი მონაცემებით, დანაშაული შესაძლოა ბიზნესს უკავშირდებოდეს.

BBC-ის ინფორმაციით, კარიმიანი ირანში დაიბადა, საკუთარ სამშობლოში მას დაუსწრებლად სასამართლომ ანტი-ირანული პროპაგანდის გავრცელებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯა. მისი ახლობლები აცხადებენ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მან რამდენიმე მუქარის შემცველი განცხადება მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...