სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

„ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტორთა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით“, – აცხადებენ სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

გარდამავალ პერიოდში მომხმარებლებს არანაირ შეფერხება არ შეექმნებათ ელექტრომომარაგების, სხვადასხვა მომსახურების თუ ანგარიშსწორების კუთხით, ამის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია კონკრეტული გეგმა. აბონენტს შეუძლიათ ნებისმიერი კითხვით მოგვმართონ ცხელ ხაზზე და სოციალურ ქსელში.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ენერგეტიკის მიმართულებით, არაერთმა უწყებამ უკვე მეტად ნაყოფიერი და ეფექტური საქმიანობა გასწია რეფორმირების პროცესში, პრაქტიკულად თავიდან შეიქმნა საქმიანობის საკანონმდებლო თუ ნორმატიული ბაზა, შემუშავდა არაერთი ახალი პროცედურა თუ მეთოდოლოგია. „რა თქმა უნდა, “ენერგო-პრო“ ჩართულია აღნიშნულ მნიშვნელოვან პროცესში, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ მონაწილეობას დისკუსიებში. მივესალმებით ევროპული რეგულაციების რეალიზაცია საქართველოში, ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება და ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია, აღნიშნული რეფორმები ბიძგს მისცემს დარგის სწრაფ განვითარებას“, – აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.
ყველაზე მეტად პოზიტიურია ის, რომ რეფორმირების შედეგად, ძირეულად შეიცვლება მდგომარეობა მრავალი მიმართულებით, ბაზრის ლიბერალიზაცია გაზრდის კონკურენციას, მოხდება ინვესტიციის ზრდის სტიმულირება, რეალურად მივიღებთ ისეთი სტანდარტის ქსელს როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში, უფრო გამჭვირვალე გახდება ელექტროენერგიით ვაჭრობა, პოლიტიკური სპეკულაციებიდან თუ წნეხიდან საბოლოოდ გათავისუფლდება სამომხმარებლო ტარიფი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დადებითად აისახება აბონენტთა მომსახურების ხარისხზე. აღნიშნული არ ნიშნავს იმას რომ გარდაუვალად მოხდება ტარიფის ზრდა, პირიქით, შესაძლოა ზოგიერთ კომპონენტში შემცირებაც კი მივიღოთ, სამაგიეროდ დასტაბილურდება ბიზნესი, მარტივად პროგნოზირებადი გახდება ფინანსური თუ კომერციული შედეგები, რისკების პრევენციას უფრო ეფექტურად შევძლებთ, სხვადასხვა გარე ფაქტორი ვეღარ დააზიანებს კომპანიებს და შესაბამისად აღარ მოგვიწევს საინვესტიციო გეგმების მუდმივი კორექტირება-შემცირება.
რეფორმა და დანერგილი ახალი მიდგომები, საშუალოვადიან პერსპექტივაში უზრუნველჰყოფს ამ სამწუხარო წრიდან გამოსვლას როდესაც ერთის მხრივ, საბოლოო მომხმარებლის ტარიფის ზრდა გარდაუვალი ხდება, ხოლო მეორეს მხრივ მაინც ვერ ვუზრუნველჰყოფთ ქსელის მნიშვნელოვან გაჯანსაღებას და შესაბამისად ავარიული გათიშვების მაჩვენებლის შემცირებას.
„ახლა მთავარია ბოლომდე მივიდეს დაწყებული პროცესი, წარმატებით ამოქმედდეს ენერგეტიკული ბირჟა, ყველა პროცესი წარიმართოს სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, „ენერგო-პრო“ კი თავის მხრივ განაგრძობს პროცესში ჩართულობას და რეფორმების სრულ მხარდაჭერას“, – აცხადებს მიხეილ ბოცვაძე.

კომენტარები
იტვირთება...