სს “ენერგო-პრო ჯორჯია” ხელს უწყობს ქართულ-ჩეხურ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე,   ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში  პეტრ მიკისკამ,  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.

პროექტი ხელს უწყობს პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას. მთავარი მიზანი არის ჰიდროენერგეტიკული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესებში თანამედროვე მიდგომების დანერგვა. თანამშრომლობა ჩეხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების ლექტორებისთვის არის გამოცდილების გაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობაც. მაღალხარისხიანი განათლების მიღების გარდა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ საწარმოო პრაქტიკა / სტაჟირება ENERGO-PRO-ს ბაზაზე პროფესიონალი მენტორების მეთვალყურეობით. სტაჟირების დასრულების შემდეგ, წარმატებულ სტუდენტებს მიეცემათ დასაქმების და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობა კომპანიაში.

„ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო სისტემის განხილვისას, ენერგეტიკის სფეროში ძალიან დიდი ხარვეზი იკვეთებოდა. წლიდან წლამდე ძნელი იყო კვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების მოძიება შემდგომი დასაქმებისთვის. ცხადია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი კომპანიის საქმიანობისთვის. ასეთი რთული გამოწვევების ფონზე, დაახლოებით 5 წლის წინ ჩვენ გადავხედეთ კომპანიის ”სტრატეგიის შემუშავების გეგმას”. ამ დროიდან ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახდა საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერა და ენერგოსექტორის პოპულარიზაცია, რა მიმართულებითაც განვახორციელეთ არაერთი წარმატებული პროექტი. რაც შეეხება ამ პროექტს და ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ გრანტს, სადაც ჩვენი კომპანია წარმოდგენილია როგორც თანამონაწილე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მაღალი ხარისხის განათლება ახალგაზრდებს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის შრომის ბაზარზე შესვლის პირველივე დღიდან“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად