“სპორტსმენებმა პოზიცია არასპორტული ჟესტებით არ უნდა გამოხატონ” – ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„რუსეთს ჩვენი ტერიტორიები მიტაცებული არ აქვს. იმდენს ვილაპარაკებთ ქართველები რომ იქმადე მივიყვანთ, საბოლოოდ ეს ასეც გააკეთოს“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბურჯანაძე დავით უსუფაშვილის ინიციატივას საქართველოში ამერიკული ჯარების განთავსებაზე იწუნებს და მას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს. იგი აცხადებს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივები „რესპუბლიკელებს“ წლების წინაც ჰქონდა.

ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ პუტინი საქართველოს მტერი არ არის ისევ იმეორებს. თუმცა, ამბობს რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მიიჩნევს რომ ამის ძახილით საქართველო მხოლოდ წააგებს.

აღნიშნულ საკითხებზე „აიპრესი“ ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა:

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ნატოში შესვლამდე საქართველოში ამერიკული ბაზები უნდა განთავსდეს. როგორ შეაფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას?

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მავნებლური განცხადება დავით უსუფაშვილის მხრიდან გაჟღერდა. უსუფაშვილი ნამდვილად სერიოზული პოლიტიკოსია და არ შეიძლება მან არ იცოდეს ან ვერ აცნობიერებდეს რას ნიშნავს ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორი ურთიერთ დაპირისპირებული სახელმწიფოს ჯარების განთავსება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები უკანონოდ არის განლაგებული.

რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიაა, ახლა საქართველოს სხვა ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის შემოყვანა, მით უმეტეს ამერიკის ჯარის შემოყვანა, რომელიც რუსეთთან კონფრონატციულ რეჟიმშია, ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ ურტყამს. ეს ქვეყნის გახლეჩვას ნიშნავს.

ეს არის კვიპროსის მოდელი, სადაც ორი ქვეყნის ჯარი დგას, ბრიტანული და თურქული ჯარები, მაგრამ კვიპროსის შემთხვევაც კი გაცილებით უკეთესია. კვიპროსი 50 წელია გახლეჩილია და გაერთიანების რეალური შანსი დღესაც არ აქვს, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია იმაზე, რასაც ბატონი უსუფაშვილი ამ ინიციატივით გვთვაზობს. კვიპროსში დგას ნატოს ორი წევრი სახელმწიფოს ჯარი, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაპირისპირებულები. ამის მიუხედავად მოლაპარაკება მაინც ვერ შეძლეს.

დღვანდელი რეალობით როდესაც რუსული ჯარი დგას საქართველოში, უსუფაშვილი გვთავაზობს არა ნატოს ჯარის განთავსებას, არამედ კიდევ უარესი – აშშ-ის ჯარის განთავსებას. ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, რომ საქართველომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარი უნდა თქვას. ძალიან მიკვირს, რომ უსუფაშვილმა ასეთი არაგონივრული განცხადება გააკეთა. გარწმუნებთ ეს იდეა სხვა პოლიტიკოსისგან რომ მომესმინა გაცილებით მწვავედ შევაფასებდი.

იმ რეალობაში როდესაც რუსეთის ჯარი უკვე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, მაინც ასეთი კატეგორიულად მიუღებელია აშშ-ის ჯარების განთავსება?

როდესაც რუსული ჯარი უკვე დგას საქართველოს ტერიტორიაზე უსუფაშვილის ინიციატივა ათასჯერ უფრო მიუღებელია. ჯერ ერთი მე არ მესმის, როგორ შეიძლება მოითხოვოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკოსმა უცხო ქვეყნის ჯარების შემოყვანა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს წარმოუდგენელია და ასეთი იდეა მხოლოდ „რესპუბლიკურ პარტიას“ შეიძლება მოუვიდეს თავში. ასეთი მოდელი ნიშნავს იმას, რომ საქართველო ორი დაპირისპირებული ქვეყნის პოლიგონად იქცევა. ეს ნიშნავს ქვეყნის გაყოფას და დანაწევრებას. ამერიკული ბაზების განთავსებით ჩვენი ქვეყნიდან ამერიკის ჯარს ხომ ვერ გავიყვანთ, რუსები კი ვეღარასოდეს ვეღარ გავლენ.

ეს ნიშნავს იმას, რაზეც „რესპუბლიკური პარტია“ მზად იყო. ვგულისხმობ იმას, რომ მოუწოდებდა ქვეყნებს საქართველო ნატოში მიეღოთ და სანაცვლოდ მზად იყო სახელმწიფოებს აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოეცხადებინა.

ვის და როდის მოუწოდებდა „რესპუბლიკური პარტია“ აფახაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას?

არა ერთ კონფერენციაზე ჰქონდათ მათ ასეთი წინადადებები. თავის პროგრამაშიც კი ჰქონდა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომ თურმე ჯერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა გვეღიარებინა და მერე მომხდარიყო საქართველოს ინტეგრაცია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რაც აბსოლუტური აბსურდია. გუშინდელმა განცხადებამ სრულიად ცხადყო, რომ „რესპუბლიკელებისთვის“ ასეთი განცხადებები შემთხვევითი არ არის.

მათი ასეთი ინიციატივები არ მომისმენია და იქნებ დაგვიკონკრეტოთ როდის ჰქონდათ?

ძალიან დიდი ხნის წინ. წლების წინ.

ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდში?

მანამდეც. „რესპუბლიკურ პარტიას“ საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. შეგიძლიათ ამოიღოთ მათი საპროგრამო დოკუმენტები და ძალიან ნათლად დაინახავთ ამას. მაგარმ ვიმეორებ, გუშინდელი განცხადება სრულიად საკმარისია დასკვნების გამოსატანად.

გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულმა თქვენმა განცხადებებმა პუტინთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია… რას იტყვით ამაზე, რა განმარტებას გააკეთებთ?

რომელ განცხადებას გულისხმობთ?

მაგალითად, განცხადება სადაც თქვით რომ პუტინი საქართველოს მტერი არ არის…

ეს არაერთგზის მითქვამს და ახლაც ვიმეორებ. საქართველოში ვისაც პოლიტიკა აინტერესებს პოლიტიკური კრიტერიუმებით უნდა დაიწყონ მსჯელობა და არა ჭორიკნების დონეზე. პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ დიდი სახელმწიფოს ლიდერები და ზოგადად პოლიტიკოსები არც არავის მტრები და არც არავის მოყვარეები არ არიან. არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები. ეს ჩერჩილმაც თქვა. ამაზე მოწმობს ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მოსისხლე მტრები სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი ერთ სკამთან დასხდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას. სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკოსების უმეტესობა ორღობის ჭორიკნების დონეზე მეტყველებენ.

დიახ, პუტინი არ არის საქართველოს მტერი, მაგრამ თუ ჩვენ ისე მოვიქცევით რომ საქართველოსთვის მტრობა პუტინის სახელმწიფოსთვის სასარგებლო გახდება, მაშინ ისე მოიქცევა როგორც დასჭირდება მის სახელმწიფოს.

მეორე საკითხია ის, რომ კიდეც რომ იყოს ვინმე შენი მტერი, შენი ამოცანაა რომ ის მოყვარედ გადააქციო. ეს პოლიტიკასა და დიპლომატიაში ორჯერ ორი ოთხია. ძალიან მომბეზრდა ქართულ პოლიტიკაში ელემენტარული ანაბანას გაკვეთილების ჩატარება. როდესაც ლექციებს ვკითხულობდი პირველ კურსელებიც არ მისვამდნენ ისეთ კითხვებს და არ იყენებდნენ ისეთ გამონათქვამებს, როგორსაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები იყენებენ ხოლმე.

ამბობთ რომ პუტინი მტერი არ არის, რუსეთიც არ არის ოკუპანტი?

რომ არის ამის ძახილით რა გამოვა?!

მაინტერესებს თქვენი პოზიცია არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?

ათასჯერ მაქვს ნათქვამი. ვერ ვხვდები დღევანდელი ინტერვიუ ამ თემას რატომ უნდა მივუძღვნათ?! კი ბატონო არის, მაგრამ მერე რა?! რაც მეტს ვიძახებთ რომ ოკუპანტია მით მეტ ხანს ექნება ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული. მე ვამბობ, რომ არ უნდა დაუძახო ოკუპანტი, როდესაც შენ მოლაპარაკებაზე მიდიხარ.

თუ საერთაშორისო სამართლის ნორმებით იხელმძღვანელებს ძალიან ბევრი არგუმენტით შემოგიწინააღმდეგებათ იმაზე, არის თუ არა ოკუპანტი. სამწუხაროდ, აფხაზეთის და ოსეთის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს რუსული ჯარების იქ ყოფნას არ აპროტესტებს.

ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება, მაშინ სხვანიარად უნდა მოვიქცეთ, თუ გაიგებს მას ჩვენი მოსახლეობა საქართველო გამთლიანდება და ეკონომიკურადაც ფეხზე დადგება, თუ ვერ გაიგებს, მაშინ იმით ვიყოთ ბედნიერები რომ ჩვენმა სპორტსმენმა რუს სპორტსმენს მოუგო. ძალიან კარგია ეს, მაგრამ არ წყვეტს საქართველოს პრობლემებს.

იმ ჟესტის გამო რაც ლაშა შავდათუაშვილმა რუსი სპორტსმენის დამარცხების დროს გააკეთა საზოგადოების ერთმა ნაწილმა გააკრიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

მე არ მიყურებია და ვერაფერს ვიტყვი. მიხარია როდესაც ჩვენი სპორტსმენი იგებს, მაგრამ ასევე ვთვლი რომ ყველა სპორტსმენი ღირსეულად უნდა მოიქცეს. სპორტი და ხელოვნება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს პოლიტიკისგან გამიჯნული.

თუმცა, მათაც აქვთ უფლება მოქალაქეობრივი პოზიცია სხვადასხვა ფორმებით გამოხატონ…

გამოხატვის უფლებას მათ არავინ უზღუდავს, მაგრამ ეს არასპორტული ჟესტებით არ უნდა იყოს გამოხატული. თუმცა, ლაშა შავდათუაშვილის ჟესტში რამე არასპორტულს და არაეთიკურს ვერ ვხედავ.

მოვუწოდებ მოსახლეობას აირჩიოს ის პოლიტიკოსი, რომელიც გულის და ენის მოფხანვით კი არ არის დაკავებული, არამედ საქმის გაკეთებას ცდილობს.

მაგრამ რამდენად გამართლებულია რეალობაზე თვალის დახუჭვა? მაშინ როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიები მიტაცებული აქვს, არ უნდა ვთქვათ რომ რუსეთი ოკუპანტია?

როდის დაინახეთ, რომ რამეზე თვალი დავხუჭე?! ჯერ ერთი რუსეთს ჩვენი ტერიტორიები მიტაცებული არ აქვს. იმდენს ვილაპარაკებთ ქართველები რომ იქმადე მივიყვანთ, საბოლოოდ ეს ასეც გააკეთოს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად