სპორტის სამინისტრო: სარაგბო და საფეხბურთო ჩემპიონატებს საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დაგეგმილი სარაგბო/საფეხბურთო მოედნების მშენებლობა გაგრძელდება, თუმცა საქართველოში მოედნებს სლოვაკური კომპანია აღარ ააშენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 

"საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სლოვაკურ კომპანია „Autokomodex Trnava spol.sro”-თან 2016 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტანდარტული მოედანი უნდა აეშენებინა.

ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების 3 პუნქტის დარღვევა გახდა:
მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა სამივე ქალაქში 20 სტანდარული მოედნის საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო დადასტურებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ; მომწოდებელს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოედგინა საერთაშორისო ან საქართველოში მომუშავე ფინანსური/სადაზღვევო ორგანიზაციებისგან ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია; კომპანიას საქართველოში უნდა გაეხსნა თავისი მუდმივი დაწესებულება. 20 დეკემბერს ჩატარებული ინპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არ შეუსრულებია ზემოთ ხსენებული ვალდებულებები. აქედან გამომდინარე შეწყდა 2016 წლის 16 სექტემბერს გაფორმებიული ხელშეკრულება. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა.

აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება ხელს არ შეუშლის ზაფხულში საქართველოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებს.
25 იანვარს საქართველოში იმყოფებოდა მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფი. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს არსებული ინფრასტრუქტურა. 

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): „სლოვაკურმა კომპანია „Autokomodex Trnava“-სთან ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი გახდა მათი მხრიდან ხელშეკრულების სამი პუნქტის დარღვევა:

1. გარანტია წარმოადგინეს სხვა ვალუტაში;
2. დაარღვიეს პროექტის წარმოდგენის ვადები;
3. არ გახსნეს წარმომადგენლობა საქართველოში.

ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გაუქმდა კონტრაქტი. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ახალ პროექტს. კანონის შესაბამისად განხორციელდება შემდგომში ამ პროექტის დაფინანსებაც და ეს სტადიონები აუცილებლად შეემატება სპორტულ ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას. მინდა საზოგადოებას შევახსენო აჟიოტაჟი თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების წინ. ბევრი შიშობდა, რომ ვერ მოვასწრებდით, მაგრამ ამ ფესტივალს ყველა სპორტული ობიექტი სათანადოდ მომზადებული დახვდა და ღონისძიებას მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ. მინდა დავამშვიდო ყველა გულშემატკივარი, ჩვენ აუცილებლად მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ ახალგაზრდულ მსოფლიოს თასს რაგბიში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს უკვე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან, რაგბის კავშირთან და კერძო სექტორთან ერთად უახლოეს პერიოდში ამის ფორმალიზებას მოვახდენთ. აღნიშნული სტადიონები უკვე დაათვალიერა მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფმა. მათ მოიწონეს ეს ალტერნატიული ვარიანტი.“

აღნიშნულთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურმა დირექტორმა საიმონ ქიბლიმ:

საიმონ ქიბლი ( მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურ დირექტორი): „საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით ვიმყოფებით, მოვინახულეთ ქუთაისის სარაგბო ბაზა და შევამოწმეთ თუ როგორ მიმდინარეობს მოედნების კეთილმოწყობის სამზადისი. რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან ერთად გვქონდა შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, სადაც ძირითადად საუბარი იყო სარაგბო ინფრასტრუქტურაზე, მოედნების რაოდენობაზე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე უმაღლესი კლასის ნაკრებებისათის.

საქართველოს რაგბის კავშირი მართლაც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს და ბრწყინვალედ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს. რა თქმა უნდა, სამინისტროს მხარდაჭერა იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩემპიონატი ძალზე წარმატებული იქნება და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის, დასახულ მიზნებს გეგმაზომიერად მივყვებით და გვჯერა, რომ საუკეთესო ჩემპიონატი გველის, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება".

ახალგაზრდული მსოფლიო თასი რაგბიში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ფეხბურთში კი საქართველო 2-15 ივლისს უმასპინძლებს", –  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...