სპორტიდან ხატვამდე განვლილი გზა – მხატვარი “ბაბუ” ზუგდიდიდან

ზუგდიდში, გამსახურდიას №24 ნომერში რკინის თაროებზე განზოგადებული კომპოზიციები, ნატურმორტები, პეიზაჟები და პორტრეტებია წარმოდგენილი, რომელიც ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას იქცევს.

ქუჩაზე არკაა, არკის წინ განათებული სამხატვრო გალერეა ჩანს. გალერეაში კი, მუდმივად ერთი ადამიანია და 27 მხატვრის ნახატი კიდია.
უკვე 19 წელია, გალერეას მასპინძელი ედიკა ქადარიაა, რომელსაც ქალაქში მეტსახელი “ბაბუთი” იცნობენ.

“მრავალი წელი რუსეთში ვცხოვრობდი. სპორტით ვიყავი დაკავებული, კარატეში საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი გახლდით, თუმცა 2000 წელს მშობლიურ ზუგდიდში დაბრუნება გადავწყვიტე. რაც მახსოვს და რამაც შეიძლება ითქვას ჩემში გარდატეხა მოახდინა – ეს ჩაბნელებული ზუგდიდი იყო.

მოგეხსენებათ, მაშინ მძიმე დრო იყო, არც შუქი, არც წყალი და არც ელემენტალური საარსებო. ხელოვნება ჩამკვდარი იყო. მახსოვს, ზუგდიდელი მხატვრების შეკრების და ისეთი ადგილის შექმნის სურვილი გამიჩნდა, სადაც ოსტატების ნამუშევრებს დღის სინათლეზე გამოვიტანდი. ეს ასეც მოხდა – შევკრიბე მხატვარები, ფოსტის შენობასთან რაღაც ფართი ვიპოვე და საღამოობით ვირკიბებოდით, ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. ურემონტო ოთახის სიმახინჯეებს კედელზე დაკიდული ნახატები ფარავდა,”-აცხადებს ე.წ. ბაბუ.

რაც შეეხება მის შემოქმედებას, ამბობს, რომ მაშინ ხატავს, როცა მარტოა, თუმცა ბოლო დროს ხეზე მუშაობა უფრო მოსწონს.
“მოგეხსენებათ, კარატე იყო მთელი ჩემი ცხოვრება. მაგრამ მხატვრობაზე ბავშვობიდან მეფიქრებოდა. შემდეგ ავიღე ფუნჯი და დავიწყე ხატვა. ვერ გეტყვით ან შეიძლება ითქვას არც მახსოვს რატომ გადავწვიტე. სურვილი იყო და მთელი შინაგანი მდგომარეობა მზად იყო ფურცელზე გადმომეტანა ის, რასაც ვფიქრობდი და განვიცდიდი. ძირითადად აბსტრაქციულ ნამუშევრებს ვაკეთებ, თუმცა ჩემს თავს მხატვარს არ ვუწოდებ. ბოლო დროს ხიდან ვძერწავ ქანდაკებებს, რომელიც ყველას მოსწონს და უცებ მიაქვთ. ჩემს თავზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, რასაც ვფიქრობ, რისი თქმაც მინდა – ან ხატვით გადმოვცემ ემოციებს ან ნაკეთობებით,”- აღნიშნა ედიკა ქადარიამ.

მისი თქმით, გალერეაში ყველა მხატვრის სურათები მხოლოდ იმიტომ შეკრიბა რომ საზოგადოებას მათ შესახებ გაეგო და ზუგდიდში ხელოვნების განვითარებაში წვლილი შეეტანა.

“იყო დრო, როცა ზუგდიდელი უნიჭიერესების მხატვრების ნახატებს ვყიდულობდი და შემდეგ მე ძალიან იაფად ვყიდდი. ამაში ბევრი დამემოწმება. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი, რომ მათთვის სტიმული მიმეცა და მათ შესახებ ყველას გაეგო. გალერეაში უმეტესი წილი სხვა მხატვრების ნახატები კიდია, ვეხმარები რეალიზაციაში და ღვთის წყალობით ყველაფერი კარგადაა,”- ამბობს ქადარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად