სოზარ სუბარმა თეთრიწყაროში დევნილებისთვის შესყიდული სახლები დაათვალიერა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თეთრიწყაროს რაიონში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილებისათვის შესყიდული სახლები მოინახულა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი საღლიანების შვიდსულიან, კალანდიების ექვსსულიან, ქოჩქიანების ორსულიან ოჯახებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, დევნილმა ოჯახებმა „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სახლები თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიეს.

სამინისტროს ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს, 2012 წლიდან დღემდე, სამინისტრომ კერძო სახლი 510 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა, მათ შორის 92 ქვემო ქართლის რეგიონშია.

რეგიონებში დევნილთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა დღეს სახალხო დამცველის აპარატმაც. როგორც აპარატიდან იუწყებიან, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მერი კოჭლამაზაშვილმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან – დევნილებთან.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გამოიკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. კერძოდ, მათ ხელი არ მიუწვდებათ იმ სიახლეებსა და მოვლენებზე, რომლებიც უშუალოდ ახდენს გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მათივე ცნობით, კვლავ პრობლემად რჩება ნელი ტემპებით მიმდინარე საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი და ამა თუ იმ ობიექტში უმძიმესი საცხოვრებელი პირობები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად