სოზარ სუბარი: წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებს, მხარი დაუჭირეს.

საკითხის მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წელს გაფოერმებული ჩარჩო ხელშეკრულებით, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისთვის, საქართველოს სესხის სახით 500 მლნ. აშშ. დოლარი გამოეყო. მისივე განცხადებით, პირველ ეტაპზე, სასესხო თანხით, საქართველოს 7 ქალაქის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები იყო გათვალისწინებული, თუმცა შემდგომ ეტაპზე მას სხვადასხვა დასახლებული პუნქტებიც დაემატა. გიორგი კაკაურიძის თქმით, აღნიშნული ცვლილებებით, სასესხო თანხის ათვისების ვადა 2021 წლიდან 2024 წლის მარტამდე გადავადდა, რის გამოც ჩარჩო ხელშეკრულებაში და მისგან გამომდინარე 5 სხვადასხვა შეთანხმებაში ცვლილებები შედის.

კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო ხელშეკრულებების რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

„წყალმომარაგების სისტემების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ხშირად სვავს კითხვას – რატომ ვიღებთ ვალებს? და ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები 24 საათიანი წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობდნენ, ოპოზიციონერი კოლეგების მიზანია, დღესაც, 21-ე საუკუნეში, ადამიანებმა წყაროებიდან კოკებითა და თუნგებით ზიდონ წყალი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

კომენტარები
იტვირთება...