სოზარ სუბარი: საქართველოს მთავრობას ძალიან ამბიციური და სწრაფი რეფორმების გეგმა აქვს

„გუბერნატორებისთვის მთავარი ამოცანა იქნება კოორდინაცია ერთის მხრივ თვითმმართველობებს შორის, მეორეს მხრივ, ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებს შორის“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

სუბარი ამბობს, რომ ამ რეფორმების მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ მისი შედეგი თითოეულ მოქალაქეზე აისახოს, ამის გაკეთება კი შეუძლებელი იქნება, თუ თითოეული რეგიონი ამ რეფორმებს მხარს არ აუბამს.
„სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ცვლილება. 7 ახალი გუბერნატორი დაინიშნა. თითოულ ამ გუბერნატორს აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის. თითოეული მათგანი ძალიან კარგად იცნობს იმ რეგიონს, კარგად იციან ზოგადად საქართველოში არსებული მდგომარეობა, შეუძლიათ გუნდური მუშაობა, რაც იქნება უმთავრესი.
საქართველო ისტორიულად კუთხეებისგან შედგება, ეს არის ის გამოწვევა, სიძლიერე ჩვენი ქვეყნის, რომლის მრავალფეროვნებით არის ძლიერი ჩვენი ქვეყანა. მნიშვნელოვანია მხოლოდ თვითმმართველობების, მხოლოდ ცალკეული მუნიციპალიტეტების დონეზე კი არ მუშავდებოდეს გარკვეული გეგმები, არამედ მთელი რეგიონების და ამ რეგიონებს შორის კავშირი იყოს ძალიან მჭიდრო. დარწმუნებული ვარ, ამ ახალ გუნდთან ერთად შევძლებთ ამ კავშირის დამყარებას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ამბიციური რეფორმების შემადგენელი ნაწილია.
„გუბერნატორების მთავარი დავალება და ამოცანა იქნება, რომ სწორედ მთავრობის გეგმები თითოეულ რეგიონამდე,თითოეულ მოქალაქემდე მიიყვანოს.
ბუნებრივია გუბერნატორი თვითონ ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, თუმცა გუბერნატორს შეუძლია შექმნას ამინდი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას – ეს არის ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, კარგი კოორდინაცია თვითმმართველობებს შორის, რადგან შეუძლებელია კარგად განვითარდეს მაგალითად სენაკის რაიონი, თუ სენაკის მერს შესაბამისი ურთიერთობა არ აქვს ხობის , ან აბაშის მუნიციპალიტეტებთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად