"სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო. ამის შემდეგ კი, სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის, ნეტავ? - ამის შესახებ "ხალხის ძალას" ლიდერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს. 

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: უკრაინისგან მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო, რაც საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა

უწყების განცხადებას,  მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედიდან" გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა. 

"სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს. ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე. ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში."

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა.