სოზარ სუბარი: ოპოზიცია ყველაფერს აკეთებეს იმისთვის რომ ჩაიშალოს შეთანხმება და მელია დატოვონ ციხეში

უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციამ საჭიროდ არ ჩათვალა მოესმინა, რა კეთდება ქვეყნის მთავარ გამოწვევებთან დაკავშირებით, მათ მხოლოდ ორი ინტერესი აქვთ – როგორ გამოეყვანათ კრიმინალი რურუა ციხიდან და როგორ დატოვონ როგორმე მელია ციხეში, რომ მერე სათქმელი ჰქონდეთ, რომ პოლიტპატიმარი და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი ჰყავთ.

“ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე ორი მთავარი პრობლემა დგას – ოკუპირებული ტერიტორიები და ოკუპანტის მოქმედება როგოც ოკუპირებულ, ისე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხე, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობთ, ახალი ტექნოლოგიებით ოკუპანტის მოქმედება, რომლითაც რუსეთი გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებთან დაკავშირებით უზარმაზარი სამუშაო კეთდება ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენს მეგობრებთან ერთად. ჩვენმა ოპოზიციამ საჭიროდ და საინტერესოდ არ ჩათვალა, რომ ამ მთავარ გამოწვევაზე მოესმინათ რას ვაკეთებთ, როგორი პრობლემები გვაქვს და რა კითხვები ჰქონდათ მათ“ – განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით მეორე მთავარი პრობლემა და მთავარი გამოწვევა არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში არის კოვიდ პანდემია, და მისგან გამოწვეული პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისი.

„ამაზე იყო გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა, მოსახლეობას აინტერესებს, როდის რომელი ვაქცინა იქნება, რა რაოდენობით, ვის შეეძლება აცრა, რამდენ ხანში დავამთავრებთ… უამრავი კითხვა არსებობს. არც ერთმა ამ უმთავრესმა პრობლემამ არ დააინტერესა ჩვენი ოპოზიცია. ისინი შემოვიდნენ ერთ დღეს დერეფანში, მეორე დღეს დარბაზში, მერე ისევ გალაგდნენ პარლამენტიდან. მათ ორად ორი ინტერესი აქვთ – როგორ გამოეყვანათ კრიმინალი რურუა ციხიდან და როგორ დატოვონ როგორმე მელია ციხეში, რომ ჰქონდეთ მერე სათქმელი რომ პოლიტპატიმარი და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი ჰყავთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ჩაიშალოს შეთანხმება, მიშელის დოკუმენტს ვგულისხმობ, თუმცა ჩვენ ამ შეთანხმებას აუცილებლად შევასრულებთ. უკეთესი იქნებოდა, თუ ამას გავაკეთებდით ერთად, ყველა ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა და ის პარტიებიც, რომელთაც არ მოაწერეს ხელი” – განაცხადა სოზარ სუბარმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...