სოზარ სუბარი: Freedom House-ის დასკვნა იმდენად ტენდენციურია, აზრიც არ აქვს კომენტარების გაკეთებას

"Freedom House-ის დასკვნას გავეცანი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციური დასკვნაა. არ ვიცი, რითა არის გამოწვეული ამ ორგანიზაციის მიერ ასეთი დასკვნების გაკეთება, მაგრამ, იმდენად ტენდენციურია, რომ მგონი, აზრიც არ აქვს კომენტარების გაკეთებას", – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"როცა ვლაპარაკობთ მედიის გაუარესებაზე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შარშან მოხდა "იმედში" შეჭრა, შარშან დავუშინეთ ტყვიები "იბერიას". "რუსთავი 2"-ის საქმეზე ხდება ის, რომ პირველი დავა იყო ყოფილ და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის, რაც გაგრძელდა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ – ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ძალიან მიხარია, რომ ევროსასამართლოში წავიდა საქმე იმიტომ, რომ თუ ევროსასამართლო მიიღებს ერთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ყველასთვის სანდო, თუ მიიღებს მეორე გადაწყვეტილებას ასევე იქნება ყველასთვის სანდო. შემეძლო ძალიან დაწვრილებით მელაპარაკა მუხთარლის საქმეზე, იმიტომ, რომ ეს არის მტკივნეული საკითხი, მაგრამ როდესაც ასეთ თემებზე არის საუბარი, ასეთი ტერმინოლოგია არის გამოყენებული, აბსურდული და აბსოლუტურად არაფერთან შესაბამისი, როგორიც არის "პოლიტიკური ვენდეტა" და სხვა, არანაირი სურვილი არ მაქვს, რაიმე სერიოზულ და მართლა მტკივნეულ თემაზეც გავაკეთო კომენტარი, თუ საუბარია Freedom House-ის ამ კონკრეტულ ანგარიშზე.

სხვა დროს მზად ვარ ვილაპარაკო იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას – იგივე მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ოღონდ არა ამ კონტექსტში, ეს იმდენად არასერიოზულია", – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად