სოციალური კამპანია – “ძლიერები არ ძალადობენ” დაიწყო

ქართველი სპორტსმენები ბულინგის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გურამ კაშია, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი 10 სექტემბრიდან სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩები გახდებიან. სამი თვის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერ კლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ. 

"არ დაჩაგრო, იზრუნე" – ამ სლოგანით სოციალური პროექტი "ძლიერები არ ძალადობენ" ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. 

პროექტი ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის განხორციელებას გულისხმობს, ფსიქოლოგების, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მოზარდების და წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით. 

კამპანიის ფარგლებში, მოზარდებისთვის ჩატარდება ესეებისა და ნახატების კონკურსი ბულინგის თემაზე, ასევე, გაიმართება სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრება და მასტერკლასი. პროექტი – "ძლიერები არ ძალადობენ" დეკემბერში სპორტული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ავტორიტეტული ჟიური 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ჟურნალისტებს გამოავლენს, რომელთაც წვლილი მიუძღვით სპორტის განვითარების ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციაში.
სოციალურ კამპანიას, ცნობილ სპორტსმენებთან ერთად, კეთილი ნების ელჩის სტატუსით უერთდებიან: "ჯინო ჰოლდინგის" დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე; "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე; ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და სხვები. სოციალურ პასუხისმგებლობას მომავალზე იზიარებს კომპანია „მაკდონალდსიც“. კამპანიის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კომპანია "პიარემსია". პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...