გამიკვირდა, ზოგიერთ ჩემ კოლეგასაც კი წამოსცდა, რომ ამერიკაში მემკვიდრეობითია და იქ პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მაგრამ არაფერი იცვლებაო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
სოსო ცინცაძე ამბობს, რომ მემკვიდრეობითობა ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე იყო, მაგრამ მან ამ ტრადიციას “ბულდოზერით გადაუარა”.
სოსო ცინცაძე: გამიკვირდა, ზოგიერთ ჩემ კოლეგასაც კი წამოსცდა, რომ ამერიკაში მემკვიდრეობითია პოლიტიკა და იქ პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, მაგრამ არაფერი იცვლებაო. კი, მემკვიდრეობითი იყო მეორე მსოფლიო ომიდან 2016 წლამდე. როგორც კი ტრამპი მოვიდა, ეს მემკვიდრეობითობა დაირღვა. აღარ არის. ტრამპმა მემკვიდრეობითობას დედა უტირა.
რაში იყო მემკვიდრეობითობა? – ჩინეთთან ურთიერთობაში, კლიმატის ხელშეკრულებაში, ირანთან ხელშეკრულებაში, ევროპასთან, ნატოსთან თუ რაში?!
_ ტრამპი მიდის და ამ მემკვიდრეობითობის პრინციპს აღარ გააგრძელებენ?
_ ტრამპის? – მოკვდა. დაივიწყეთ ყველაფერი.
_ ზოგადად ამ პრინციპს ვკითხულობ და არა კონკრეტულად ტრამპის მმართველობის პერიოდს.
_ ტრამპმა გაწყვიტა ეს მემკვიდრეობითობა. ბაიდენი შეეცდება აღადგინოს ობამას და წინა პრეზიდენტების.
_ ანუ, ტრამპის მოღვაწეობა საერთოდ უნდა ამოშალონ ფურცლიდან?
_ საინტერესო განცხადება გაავრცელა ბარაკ ობამამ. ბოდიში მომითხოვია ამ ტერმინისთვის და კარგი იქნება ჩვენმა ექსპერტებმა წაიკითხონ. ობამა წერს, რომ ბაიდენის ოთხწლიანი მმართველობა საკმარისი არ არის. ტრამპმა ისე ღრმად დაანგრია ყველა ინსტიტუტი და ამერიკის როლი მსოფლიოში, რომ ბაიდენის ოთხწლიანი მმართველობა საკმარისი არ იქნება.
ტრამპი როდესაც მოვიდა ბულდოზერით გადაუარა მთელ ტრადიციებს და მემკვიდრეობა ამოძირკვა.