სოსო ცინცაძე: საქართველოში ამერიკის ბაზებს გამოვრიცხავ, ამის წინააღმდეგ პირველი მერკელი და მაკრონი წავლენ

საქართველოში ამერიკის ბაზების განთავსებას გამოვრიცხავ, ამის წინააღმდეგ პირველი მერკელი და მაკრონი წავლენ… ვუსმენ ჩვენ პოლიტიკოსებს და თან ვალიდოლს ვსვამ, რომ გული არ წამივიდეს, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ისაუბრა, რომლის სრულ ვერსისაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ:

სოსო ცინცაძე: მე გამოვრიცხავ, რომ ჩვენთან სამხედრო ბაზები შეიქმნას.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის რუსეთთან ურთიერთობაში პრიორიტეტი არის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების კურსის გაგრძელება. 2021 წელს ვადა გასდის ამის შესაბამის ხელშეკრულებას. ბაიდენი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს, ტრამპი წინააღმდეგი იყო, უფრო სწორად ძირითადად კონგრესი. თუ ბაიდენმა კურსი აიღო ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მაშინ ის რუსეთს არ გააცოფებს. მაშინ მან ყველაფერს უნდა გადახედოს, განიარაღებას და ა. შ.

_ თუმცა, ვხედავთ, რომ რუსეთი ჩვენ რეგიონში სულ უფრო და უფრო აკონტროლებს ვითარებას. ეს გარკვეული შანსი არ არის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების თვალსაზრისით?

_ შანსი ყოველთვის არის, მაგრამ შანსი არ ნიშნავს მის რეალიზებას. ჩვენ შანსი ერთი ათჯერ გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ის, რომ რუსეთი გაძლიერდა მთლად ასეც არაა. არის საკითხები, რაც ამას ეჭვქვეშ აყენებს. სომხებს სხვა გზა არ აქვთ, მაგრამ ეს არის იძულებითი და თუ ისინი ადრე მეტად ენდობოდნენ რუსეთს, დღეს ეს ნდობა დაიკარგა. როგორც კი რუსეთს იქით რაღაც ვარიანტი გამოჩნდება მათთვის, სომხები გაიქცევიან იქითკენ. გარდა ამისა, თურქეთის გაძლიერება სომხეთისთვის სულაც არ არის საჩუქარი. ნუ გგონიათ, რომ რუსეთის მეფეების ახირება იყო თურქეთთან ომი – 8 დიდი ომი და 15-მდე პატარა ომი. ეს ახირება არ ყოფილა კანონზომიერება იყო.

შემთხვევითი არც ის იყო, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების დღისთანავე ერდოღანი მოსკოვში ჩაფრინდა დაუგეგმავად. ამიტომ, ცოტა მეტი სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ. კი, რუსეთმა ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სტრატეგიულად ვერა.

_ ეს გასაგებია, მაგრამ მე ვკითხულობ იმას, რომ თუ სწორად ვიმუშავებთ, ხომ არ არის შანსი დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია?

_ თუ სწორად ვიმუშავებთ, შანსი კიდევ იქნება, მაგრამ ის რომ გადაწყვეტილია, ასე არ არის. ვუსმენ ზოგიერთ ჩვენ პოლიტიკოსს და თან ვალიდოლს ვსვამ, რომ ამ სისულელეებისგან გული არ წამივიდეს. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ჯერ ბაიდენი მოვიდეს. კი ამბობს ბაიდენი, რომ რუსეთი საფრთხეა, მაგრამ თუ ნიქსონის პოლიტიკას დაუბრუნდა? ნიქსონი იყო ყველაზე ანტისაბჭოთა პრეზიდენტი, მაგრამ მის დროს გაფორმდა ყველაზე დიდი ხელშეკრულებები განიარაღებაზე. მის დროს დაიწყო ბრეჟნევის სიარული ამერიკაში და ნიქსონის ვიზიტები რუსეთში. ეს არის დიპლომატია. ამიტომ, ნუ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი და ამერიკის ბაზა გაჩნდება საქართველოში.

_ ასე მარტივად პირადად მეც არ ვუყურებ პროცესს, მაგრამ მე ვამბობ შანსსა და შესაძლებლობაზე.

_ თეორიულად კი. ამერიკას სხვა გზა არ დარჩა, თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს ეს სტრატეგიული რეგიონი, რომ მთელი ფსონი დადოს საქართველოზე. სომხეთი გამოირიცხა, აზერბაიჯანი არასოდეს არ ყოფილა და ერთი საქართველოა. მაგრამ, გავიხსენოთ, რომ ნატოს სავალ გზაზე ყველაზე ახლოს ბუქარესტის სამიტის დროს ვიყავით, სადაც თითქოს გადაწყვეტილი იყო მაპის ჩვენთვის მინიჭება. პრეზიდენტი ბუში ორივე ხელით მომხრე იყო, მაგრამ ევროპელებმა ჩააგდეს. მერკელმა ჩააგდო.

დღეს რა გგონიათ ბაზების საკითხი რომ დადგეს რა მოხდება? პირველი ამის წინააღმდეგი ისევ მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი წავლენ. ბაიდენი გაუწევს ევროპას ანგარიშს გაცილებით მეტად, ვიდრე ამას ტრამპი აკეთებდა. ამიტომ არ არის ეს საკითხი ასე მარტივად. თუმცა, ძალიან მინდა. ჩემი ოცნებაა, რომ ისე არ მოვკვდე ამერიკელი ჯარისკაცები არ ვნახო საქართველოში. რა ვქნა? მელოტ თავს ქოჩორა თავი სჯობს, მაგრამ არ მაქვს ქოჩორი და ვერც ამოვიყვან.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად