სოსო ცინცაძე: რატომ დათმო “ნაცმოძრაობამ” ხელისუფლება, ჯერ კიდევ “მადრიდის კარის საიდუმლოებაა”

რატომ დათმო “ნაცმოძრაობამ” ხელისუფლება, ჯერ კიდევ “მადრიდის კარის საიდუმლოებაა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან ამ მონაკვეთს:

_ მთავარ კითხვას რომ მივუბრუნდეთ – გავს თუ არა დღევანდელი ვითარება 2012 წლის ვითარებას, ასე ცალსახად ვერ იტყვით, რადგან პოლიტიკა არ კეთდება რეალურად და აქეთკენ მიგყავთ საუბარი?

_ დიახ. იმიტომ, რომ დღეს ხელისუფლებაში პოლიტიკოსები არ არიან. მე მიკვირს, ნუთუ ხელისუფლებაში ვერ გრძნობენ იმას, რომ არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ამ ერთ თვეში მარნეულის ამბის მაგვარი რეციდივები რამდენიმე რომ მოხდეს, „ოცნებამ“ რომც გაიმარჯვოს, ეს მის გამარჯვებას არ გააფერმკრთალებს?! ოპოზიცია ხომ არ გაჩუმდება ამაზე?! უკვე ევროპაც აღარ გაჩუმდება.

_ ნიშანდობლივი ხომ არ იყო ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ნატოში შესვლის საკითი იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად კარგად ჩააბარებს საქართველო არჩევნების ჩატარების ტესტს?

_ რასაკვირველია. უფრო მეტიც, ამას წინათ წავიკითხე ნატოს მოქმედი ანალიტიკოსის სტატია, სადაც ის წერს, რომ დღევანდელმა კანდიდატებმა ერთი რამე უნდა დაივიწყონ, რომ 1952 წელს რომ მივიღეთ თურქეთი, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მაგრამ მაინც გახდა ნატოს წევრიო და ეს ახლა აღარ გამეორდებაო. პირდაპირ საუბრობდა ამას საქართველოსა და უკრაინაზე. ნატოს წევრობისთვის სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ამას უფრო ევროკავშირი აქცევს ყურადღებას, არამედ მნიშვნელობა ენიჭება იმას, როგორია პოლიტიკური ანატომია, დემოკრატიული პრინციპები და სასამართლო. ამიტომ, სანამ ჩვენთან არ იქნება ისეთი სასამართლო, რომელიც მოეწონება ევროპას, ჩვენ ნატოს ისე ვერ ვნახავთ, როგორც საკუთარ ყურებს.

მეორე საკითხია ის, რომ დღეს ხელისუფლებაში დარჩენა გაცილებით ქმედითი პრიორიტეტია მმართველი გუნდისთვის, ვიდრე ნატოში გაწევრიანება. დღეს ან თუნდაც წინა ხელისუფლების დროსაც რომ დამდგარიყო საკითხი ასე, რომ თუ შენ პატიოსნად ჩაატარებ არჩევნებს, დამარცხდები და აღიარებ ამას, მაშინ შენ ნატოში შესვლის მეტი შანსი გაქვს, არავინ არ „წამოეგება“ ამ ანკესზე. ყველა წავა იმაზე, რომ მე გამაკრიტიკონ, გამოთქვან შეშფოთება, ოღონდ დავრჩე ხელისუფლებაში. ასე იყო წინა ხელისუფლება, ასეა ახლანდელი ხელისუფლებაც. რატომ დათმო წინა მმართველობამ ხელისუფლება, ეს ჯერ კიდევ „მადრიდის კარის საიდუმლოებაა“.

_ ასე გგონიათ, რომ ეს საიდუმლოებაა?

_ რასაკვირველია. ჩვენ არ ვიცით, როგორი ზეწოლა იყო მმართველ ელიტაზე ამერიკისგან.

_ საინტერესო განცხადებას აკეთებთ.

_ მე არ ვარ პოლიტიკოსი რომ ხმების დაკარგვის მეშინოდეს. ჩემი დაკვირვებით, მკვლევარის დაკვირვებით არ გამოვრიცხავ იმას, რომ ამაში გარკვეული როლი შეასრულა დასავლეთმა. ამჯერად იგივე როლი რომ შეასრულოს დასავლეთმა, მე ამას ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ ძალიან ცუდია ქართული დემოკრატიისთვის ის, რომ ჩვენი არჩევნებიდან 3 დღეში ამერიკის არჩევნებია.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად