სოსო ცინცაძე: დამტკიცდა, რომ გახარიას იმაზე მეტი ჭკუა აქვს, რაც მთელ „ოცნებას“ და პარლამენტს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიამ გარისკა და მოიგო. “ოცნებამ” კი მისი ტაქტიკა ვერ გაანალიზა და ეს მხოლოდ პრემიერმა გიორგი გახარიამ გაიაზრა, რის გამოც პრემიერის პოსტიც კი დატოვა. ეს განცხადება ცინცაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:

სოსო ცინცაძე: ეტყობა გონიერი ადამიანები ვინც იყვნენ, ყველამ დატოვა “ოცნება”, რომ რაღაცები გაეანალიზებინათ, დღეს კი ასეთი ერთი კაციც არ აღმოჩნდა. სულ რამდენიმე დღის წონ კატალონიაში ჩატარდა არჩევნები და მათ ლიდერს, პუჩდემონს მისჯილი აქვს 14 წლიანი პატიმრობა სეპარატიზმის ბრალდებით. ის ევროპარლამენტის წევრია და ხელს ვერ ახლებენ. ჩვენთანაც ოპოზიციის პარტიის ლიდერი არჩეულია და ელემენტარულად ეს ვერ გათვალეს.

_ თქვით, ერთი კაციც არ აღმოჩნდა “ოცნებაში” რომ გაეანალიზებინა ეს ყველაფერიო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი იყო ერთი კაცი და მან დღეს დატოვა პრემიერის თანამდებობა. 

_ მე ვგულისხმობ იმას, რომ არ აღმოჩნდა პარლამენტში, თორემ ის, რომ გახარიას, რომ იმაზე მეტი ჭკუა აქვს, რაც დანარჩენ “ოცნებას” და მთელ პარლამენტს ერთად აღებულს, ეს ცხადია და დამტკიცდა.

მელიამ გარისკა და მოიგო. პოლიტიკა არის გააზრებული რისკი. გამაღიზიანებლად ამბობდა, რომ არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო. მეორე მხრიდან არ დაფიქრდნენ, რომ რა გიჟია ეს კაციო? ციხე მოენატრა თუ რაშია საქმეო. ამბობდნენ ბლეფია და ეს გადაიხდისო. გამოაქვეყნეს ანგარიში, რომ ვიღაც სხვა გადაიხდის და მელიას ვითომ გაუადვილეს გადახდა. “ოცნებამ” თავისივე დადებულ ფოცხს დააბიჯა ფეხი. გახარიას გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.

თავის დროზე გახარიამ ვერ გაუძლო არ ვიცი რას – ზეწოლას, ივანიშვილის ავტორიტეტს თუ რას და თავის თავზე აიღო ის ტვირთი, რაც მას არ ეკუთვნოდა.

_ 20 ივნისს გულისხმობთ? 

_ დიახ.

მთავარია ახლა რა სიტუაციაა. წეღან ვუსმენდი ჩემ მეგობარ გია ხუხაშვილს, რომელიც ამბობს, რომ უნდა მოვეფეროთ “ოცნების” ლიდერებს. ახლა ისინი შეშინებულები არიან და კუთხეში რომ მიაყენო, რაღაცას საშინელებას იზამენო. მე ასე არ ვფიქრობ. ვერაფერს ვერ იზამენ. იმიტომ, რომ კობახიძეზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, გუშინ შტურმი შედგებოდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შტურმი გადავდოთო, მას საერთოდ ვერ გაუგია, რას წარმოადგენს კობახიძე. ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა, რომლებიც კობახიძეს ბევრ რაღაცებში არ ეთანხმება.

_ ვინ არიან ის ხალხი? 

_ პირველ რიგში გახარია და მეორე ძალოვნები. მათ იციან, რომ შესაძლოა დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდნენ ქუჩაში და არჩევნების გარდა  სხვა გზა აღარ იქნება. ახალ მთავრობაში დღევანდელი ძალოვნებიდან ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას?! მართალია არცერთი მინისტრი არ შეინარჩუნებს, მაგრამ ვის ემახსოვრება მაგალითად თურნავა, მაგრამ ყველას ემახსოვრება შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი თუ სუს-ის ხელმძღვანელი.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად