სოსო ცინცაძე: არჩევნებში გახარიას მონაწილეობა „ოცნების“ ეპიტაფია იქნება, ივანიშვილი გავლენას შეინარჩუნებს

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პირველივე არჩევნებში მონაწილეობა “ოცნების” ეპიტაფია იქნება, რის შემდეგაც “ოცნება” საერთოდ გაქრება. ცინცაძე არც იმას გამორიცხავს, რომ გახარიასთან კახა კალაძეც იყოს, ყოველ შემთხვევაში პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ კალაძე პოლიტიკაში დარჩება და ამბობს, რომ მან უკვე გაიგო პოლიტიკის გემო.

ამის შესახებ სოსო ცინცაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია და ფიქრობს, რომ ივანიშვილი გავლენებს შეინარჩუნებს. ამასთან ცინცაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში 15-20 წელი არ იქნება ისეთი მესამე ძალა, რომელსაც არც ივანიშვილთან ექნება კავშირი და არც სააკაშვილთან.

_ ჩვენთან წინა ინტერვიუში თქვით, გამოჩნდა, რომ გახარია მთლიან „ოცნებას“ ორი თავით აღემატებაო. რა პერსპექტივა აქვს პოლიტიკურ ველზე გახარიას და მას მარტო ხედავთ თუ მასთან ერთად შესაძლოა კალაძეც ვიხილოთ?

_ კალაძე შეიძლება იყოს, მე არ მაქვს კალაძესთან ისეთ ურთიერთობა, რომ ვიცოდე მისი პოზიცია, მაგრამ გახარიასთან ბევრი რომ მოინდომებს გადასვლას, ეს ნათელია. მე მგონია, რომ გახარიას აქტიურობა ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.

_ ბიძინას პროექტად განიხილავთ?

_ გავიხსენოთ, ბიძინა ივანიშვილი რომ მიდიოდა, მან თქვა, რომ ჩემი „ოცნებაა“ შეიქმნას ისეთი პარტია, რომელიც ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებასო“. ივანიშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ასეთ განცხადებებს ჰაერიდან აკეთებს.

არის კიდევ სხვა მომენტებიც. გახარია არასოდეს გამოირჩეოდა ბარიკადებზე დგომით, უცებ „ტლინკები“ აყარა იმაზე, რომ ოპოზიციის ლიდერს როგორ იჭერენო, თანაც ეს საჯაროდ თქვა. მერე თქვა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები მმართველ პარტიასო, არა ბიძინას, არამედ მმართველ პარტიასო.

_ კალაძის როლს სად ხედავთ – გახარიასთან ერთად, ცალკე მოთამაშედ თუ „ოცნების“ წიაღში?

_ კალაძის როლს იმაში ვხედავ, რომ კალაძეს გაუტკბა პოლიტიკოსობა. მან ამის გემო გაიგო. თანაც „ოცნებაში“ თუკი ვინმეს აქვს რეპუტაცია, ეს არის კალაძე. მისი წარსული, ქართული ფეხბურთის ლეგენდაა… ამას გარდა კალაძე მოქმედებს. აკეთებს რაღაცებს. კი, ზოგს მოსწონს, ზოგს – არა, მაგრამ მუშაობს. მით უმეტეს კალაძეს გაუმართლა ერთ რამეში, ის მერი გახდა ნარმანიას მერე. ნარმანიას მერე ვინც არ უნდა გამხდარიყო მერი, ყველა დაიმსახურებდა ხალხის მოწონებას, მით უმეტეს კალაძე, რომელიც ბევრ რამეს აკეთებს.

მე თვითონ ვაკეში ვცხოვრობ და რაც გააკეთა ის მე არ მომწონს, მაგრამ ჩემს გარშემო ყველას მოსწონს. იმიტომ, რომ ისინი მანქანით არ დადიან, მაგრამ მე მანქანით დავდივარ. ვინც ტრანსპორტით დადის, მათ მოსწონთ. ამიტომ, კალაძე პოლიტიკიდან არ წავა.

_ „ოცნებას“ გაემიჯნება?

_ „ოცნება“ მე მგონი გაქრება. პირველსავე არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გახარია, ეს იქნება „ოცნების“ ეპიტაფია. ჯერ ერთი მთელი ადმინისტრაციული რესურსი ისედაც გადაბარგდება გახარიასკენ. მეორეა ის, რომ სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით 40-დან 60%-მდეა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი.

_ ანუ, რა გამოდის? გავლენებს ისევ ბიძინა ივანიშვილი შეინარჩუნებს?

_ რასაკვირველია. ივანიშვილი გავლენას არცერთ შემთხვევაში არ დათმობს. 30 წელია საქართველო შურისძიების სინდრომით ცხოვრობს. ჯერ ზვიადისტების შურისძიება იყო, მერე შევარდნაძისტების, მერე მიშისტების და ბოლოს ბიძინისტების. მართალია ყველა იძახდა, რომ არავითარი შურისძიებაო, მაგრამ იყო. ყველაზე დამღუპველი, ეს არის შურისძიება.

ისტორიაში რომ ჩავიხედოთ, ალექსანდრე პირველმა ნაპოლეონი რომ დაამარცხა, მაშინ მას ლუდოვიკო XVIII-მ პირველი იცით რა ურჩია? არავითარ შემთხვევაში შურისძიება არ დაიწყო, დაიღუპებიო, მაგრამ არ დაუჯერა და დაიღუპა – მოხდა მეორე რევოლუცია. ჩვენთანაც სულ შურისძიებაა. ამიტომ ახალი ძალაა საჭირო. შეიძლება იყოს გახარია, მაგრამ ესეც არ არის ახალი ძალა, გახარია არის ძველი ახალი ძალა. ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც არავითარი შეხება არ ექნება არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან, ეგეთი შეიძლება გამოჩნდეს 15-20 წლის შემდეგ. ჯერჯერობით, თუ მივიხედ-მოვიხედებით, სად არის მესამე ძალა? ერთადერთი ვარიანტი გახარიაა. „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისივე რიგებში გამოჩენილიყო ალტერნატივა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...