სოსო რამიშვილი: საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის განცხადებით, უწყება ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამსახურის ადმინისტრაციულ შენობასა და რეგიონულ ოფისებში, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მუდმივად ხორციელდება თანამშრომელთა ინფორმირება ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების შესახებ და მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მათი დაცვა.

რისკ-ჯგუფში შემავალ პირებთან შესაძლო კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, დროებით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი (კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთაც შეუძლიათ სამსახურებრივი საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში განხორციელება სახლიდან გაუსვლელად).

პრევენციული ზომების განსახორციელებლად, საგამოძიებო სამსახური დროებით გადავიდა კორესპონდენციის წარმოების დისტანციურ მეთოდზე. მიმდინარე წლის 1 აპრილამდე საგამოძიებო სამსახურში, განცხადებებისა და სხვა სახის კორესპონდენციის მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ელ. ფოსტა is@.mof.ge).

არასწორი ინტერპრეტაციის, ან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებს დამატებით განემარტათ, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას, ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას და რომ მათ უნარჩუნდებათ შრომის ანაზღაურება. საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება არ შეაფერხებს სამუშაო პროცესს. საგამოძიებო სამსახური კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად