სოსო გალუმაშვილი: #არაჰესების კამპანიით ისევ მდიდრები რჩებიან მოგებულნი, ღარიბები უფრო ღატაკდებიან

თითქოს პარადოქსია, მაგრამ #არაჰესების კამპანიით ისევ მდიდრები რჩებიან მოგებული და ღარიბები კიდევ უფრო გაღატაკდებიან. მდიდრები ხომ იმ გაორმაგებულ და გასამმაგებულ ტარიფსაც უპრობლემოდ გადაიხდიან, რომელიც 10 წლის შემდეგ #არაჰესების გამო გვექნება, – ამის შესახებ სოსო გალუმაშვილი თავის Facebook გვერდზე წერს.

“ეკონომიკაზე მარტივად #არაჰესების ფონზე.

თუ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებად ნიშნულზე ზევით არ წავიდა, 2030 წლისთვის ჩვენ გვექნება შემდეგი სიტუაცია:

საქართველოს მოსახლეობის ყველაზე შეძლებული ნაწილის – დაახლოებით 4%-ის შემოსავლები, სავარაუდოდ გაორმაგდება. მათ შორის, გლოვოს საქართველოს ფილიალის დამფუძნებლის, მინიმუმ 15-20-ჯერ მოიმატებს, გალფის, რომპეტროლისა და ლუკოილის დამფუძნებლის – მინიმუმ გასამმაგდება. დანარჩენი მდიდრების სია თქვენ გააგრძელეთ.

ანუ მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან.

მოსახლეობის 36 პროცენტი – ე.წ. საშუალო ფენა და მასთან დაახლოებული სოცსტატუსის მქონე პიროვნებები, სავარაუდოდ, უკეთესად იცხოვრებენ. მათ შორის,, “მწვანე ალტერნატივას” ყველა წევრი, და თქვენ წარმოიდგინეთ მეც, ნუ ყოველ შემთხვევაში, უკეთესად მინდა ვიცხოვრო, რადგან მყარი საშუალო ფენისკენ მაქვს გეზი აღებული.

მოსახლეობის 40 პროცენტი – ანუ არაშეძლებული ნაწილის შემოსავლები ვერ გაიზრდება და დიდი ალბათობით, გაღარიბდება.

მოსახლეობის 20% – სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი პიროვნებები – სიღატაკის ფსკერიდან ვერ გამოაღწევენ.

შედეგად, შრომისუნარიანი გაღარიბებული მოსახლეობა სრულწლოვანების მიღწევის ასაკიდან საზღვარგარეთ შრომით მიგრანტებს შეურთდებიან. ადამიანური კაპიტალის გადინება ძირითადად ახალგაზრდობის ნაწილში მოხდება.

ანუ ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდებიან.

ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც მშპ-ს ზრდის ტემპიდან გამომდინარეობს.

თუ ჩემი არ გჯერათ, შეეკითხეთ ეკონომიკაში ნობელის პრემიის ყველა ცოცხალ ლაურეატს.

როგორ გავზარდოთ მშპ მე არ ვიცი, რადგან ყველაფრის სპეციალისტი არ ვარ. მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ენერგეტიკის განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე ამის მიღწევა, შეუძლებელია. დღეს ჩვენი ენერგეტიკა მხოლოდ განახლებადი ენერგიის ხარჯზე შეიძლება განვითარდეს. ეს არის ჰესები, მზე და ქარი. არის კიდევ საინტერესო მიმართულებები, რომელზეც ჯერ არ შევჩერდები, მაგრამ ისიც ჰიდრორესურსების ათვისებასთან არის დაკავშირებული.

ახლა დავუბრუნდეთ #არაჰესების კამპანიას. ვერც მზეს და ვერც ქარს ჰესების გარეშე ვერ ავაშენებთ, რადგან ამ დროს ენერგოსისტემა მანევრულობას დაკარგავს და ეგექტურობის შემცირების ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს (ანუ საბაზისო სიმძლავრის შესანარჩუნებლად, ტყუილად ჩართულ სადგურებს ვერ გაუძლებს ეკონომიკა), რადგან ღარიბი ქვეყანა ვართ და ინგლისის, რუსეთის ან თუნდაც აზერბაიჯანის დანაკარგებზე (30-35%) ჩვენ ვერ გავქაჩავთ.

2030 წელს ჩვენ გვექნება ის შედეგი, რაც ზევით ვახსენე და ეს იქნება დიდწილად #არაჰესებს ისტერიისა და ჰესებზე უარის თქმის შედეგი. ეს იქნება დამატებით მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნებში და ეს იქნება კიდევ უფრო ჩამორჩენა განვითარებული მსოფლიოსგან.

ჰესი რომ სწორად უნდა აშენდეს, ხელშეკრულება რომ კორუფციული არ უნდა იყოს, გზშ სრულყოფილი, ყველა სახის ექსპერტიზა ყველაზე მაგარი დონის ექსპერტების მიერ გაკეთებული, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები რომ გათვალისწინებული და ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზით სარგებელი ზიანს ყველანაირად უნდა რომ უნდა აჭარბებდეს, ამ საკითხებზე ნუღარ ვისაუბრებთ. – ეს უნდა იყოს ასე და არცერთი კითხვა უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.

თითქოს პარადოქსია, მაგრამ #არაჰესების კამპანიით ისევ მდიდრები რჩებიან მოგებული და ღარიბები კიდევ უფრო გაღატაკდებიან. მდიდრები ხომ იმ გაორმაგებულ და გასამმაგებულ ტარიფსაც უპრობლემოდ გადაიხდიან, რომელიც 10 წლის შემდეგ #არაჰესების გამო გვექნება.

ახლა საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, რა ურჩევნია, შეეგუოს იმ სამომავლო სტატუს-კვოს,, რაც 2030 წელს ელის და დატოვოს ქვეყანა უცხოეთში სამუშაოს საძიებლად, თუ აქ გაზრდილი ეკონომიკის პირობებში იცხოვროს უკეთესად. ეს უკეთესობა კი ჰესების, მზისა და ქარის სადგურების გარეშე ვერ იქნება! მზისა და ქარის სადგურები ჰესების გარეშე ვერ იქნება!

მოვა ეს 2030 წელი და გავიხსენოთ ეს სტატუსი.

შენ, ჩემო ფეისბუქმეგობარო, როგორ საქართველოში გინდა ცხოვრება? თუ უკვე დავიწყოთ უცხო ქვეყნების საემიგრაციო სამსახურებში სირბილი?” – წერს სოსო გალუმაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...