სოსანაშვილის ბრალდებაზე, პროკურატურას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულ გია სოსანაშვილის საქმეზე პროკურატურას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში “დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი” ადანაშაულებს. 

“აშკარაა რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია მეორეხარისხოვანია, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის, კანონით გარანტირებულ უფლებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბრალის წარდგენამდე დაკავებული ადამიანი ინარჩუნებს ეჭვმიტანილის სტატუსს, ხოლო ბრალის წარდგენის მხოლოდ შემდეგ დასაშვებია მისი ბრალდებულად წოდება.

ცნობილია, რომ დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია პირი – მოქმედი პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, ხოლო იმის მიუხედავად, რომ დაკავებულ პირს, პროკურატურის ოფიციალური განცხადების დროისათვის, ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი და მითუმეტეს მის მიმართ არ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პროკურატურამ ის პირდაპირ დანაშაულის ჩამდენად – "მკვლელად" გამოაცხადა. ამასთან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ძირითადი ნივთმტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც პირდაპირ "მკვლელად" იქნა წოდებული პირი, თუმცა მსგავსი ნივთიერი მტკიცებულება შესაძლოა არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენის, არამედ თანამონაწილის გამოსავლენად იყოს გამოსადეგი.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გვსურს გავაფრთხილოთ გამოძიებაში მონაწილე უწყებები, რომ ნაჩქარევმა დასკვნებმა შესაძლოა გამოძიებაც და საზოგადოებაც შეცდომაში შეიყვანოს.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს დაინტერესდეს აღნიშნული სამართალდარღვევით და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მივმართავთ საქართველოს, პრემიერ მინისტრს რომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებიული ადამიანის უფლების მსგავსი ფორმით შელახვის ყოველგვარი შესაძლებლობა უწყების მხრიდან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა გააჩინოს დამატებით პასუხგაუცემელი კითხვები”,-ნათქვამია არასამთავრობოს ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა და  მკვლელობის ჩამდენ პირად გია სოსანაშვილი დაასახელა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად