სოფოსბუვირის პირველი პარტია საქართველოში შემოვიდა

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, სოფოსბუვირის 8 ათასი ბოთლი უკვე საქართველოში ჩამოვიდა და განბაჟებულია.

აღნიშნულ პრეპარატს C ჰეპატიტით დაავადებული პირები მიიღებენ ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. C ჰეპატიტით დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ისინი დაავადებულები არიან ც ჰეპატიტით.

აღნიშნულ პრეპარატს პირველ რიგში მიიღებენ ის პირები, ვისაც დოკუმენტაცია სწორად ექნება სამინისტროში წარმოდგენილი.

პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 პაციენტებმა შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ:  1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი(ალ.ყაზბეგის გამზ.№16); 2. "ჰეპა"(ლუბლიანას 18/20); 3. "ნეოლაბი" – (ნუცუბიძის ქ. 8). 4. "მრჩეველი"(ყაზბეგის გამზ. №9). ეტაპობრივად, პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოუერთდებიან, მათ შორის რეგიონებშიც.

მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში:  სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური,ბათუმი).

დოკუმეტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს : პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები – HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისიხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. 

პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს. კომისია, რომელიც განსაზღვრავს მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე უკვე ხუთშაბათს შეიკრიბება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად