სოფო ქაცარავა: არ მაქვს რწმენა, რომ დავით გარეჯის თემის განხილვა პოპულიზმში არ გადაიზრდება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა საჭიროდ არ მიიჩნევს, დავით გარეჯის თემაზე მომუშავე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს.

ამის შესახებ სოფო ქაცარავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის შეთავაზების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აღნიშნული კომისიის მუშაობის შესახებ საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას გულისხმობს.

როგორც სოფო ქაცარავამ განაცხადა, მას არა აქვს რწმენა, რომ დავით გარეჯთის საკითხის განხილვა პოპულისტურ მოსმენაში არ გადაიზრდება.

“რომ მქონდეს რწმენა, ყველას ექნებოდა მხოლოდ იმის ინტერესი, რომ შინაარსობრივად მივიღოთ ინფორმაცია კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, აუცილებლად ეს საკომიტეტო მოსმენა დახურულ ფორმატში გაიმართება. მე გეტყვით იმას, რომ ვიცით როგორ მიმდინარეობს ამ კომისიის მუშაობა. არ ვართ საინფორმაციო ვაკუუმში. პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც არის სენსიტიური საკითხები, ჩვენს კომიტეტს აქვს შეხება და შეგვითავაზებია, რომ დაგვეხურა სხდომა, ამას მოჰყოლია იმდენად არასაჭირო და უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომ მთელი ენერგია და ძალისხმევა იმაზე დახარჯულა, სხდომა დავხუროთ თუ არ დავხუროთ”-განაცხადა სოფო ქაცარავამ.

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ  ყველაფერი ქვეყანაში გამჭვირვალეა და დევს ზედაპირზე, მაგრამ არსებობს სენსიტიური საკითხები, რომელიც უნდა დაიხუროს.

“ვფიქრობ, კომისიას უნდა მივცეთ საშუალება, გააგრძელოს მუშაობა და შედეგებს დაველოდოთ. სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ყველაფერს პოპულისტური ხასიათი და სახე არ მივცეთ”-განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...