სოფო კილაძე: რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მორიგ შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რასაც მისივე ინფორმაციით, სპეციალური რეპორტი მიეძღვნა.

„ეს უკავშირდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეს. ჩვენ გვქონდა ძალიან მწვავე პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს რეპორტში საქართველოს საქმე. კერძოდ, ეს არის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის ძირითადი მიმართულებაა გამოდეპორტებული ადამიანების საქმე. სულ მცირე, 1500 ადამიანია დაზარალებული. ეს საქმე საქართველომ მოიგო 2019 წელს. დიდმა პალატამ თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 10 მლნ ევრო. ეს საქმე აუცილებლად მოხვდება ამ ანგარიშში და ასევე მოხვდება რეზოლუციაში. ვფიქრობ, ყველა ასეთი პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დაზარალებული ქართველების თემა იყოს ყურადღების ცენტრში“, – აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, რუსებს ჰქონდათ მწვავე პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. „ბუნებრივია, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს საქმე არ მოხვდეს ანგარიშში, მაგრამ, კონვენციაც და ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტიც ჩვენს მხარესაა. მთავარია, ჩვენ ვიყოთ აქტიურები და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აიძულოს რუსეთი, გადაიხადოს დავალიანება, რომელიც აქვს ამ მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა სოფო კილაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად