სოფო კილაძე: ყველაზე დიდი საფრთხე და გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის, არის სიღარიბე

„როგორც სტრასბურგის, ასევე გაეროს შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკანონმდებლო დონეზე,, პირდაპირი ტრანსლაციით დაუფარავად და ღიად მოსმენა, როგორ ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც არის ორივე მიმართულებით“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენებას უსმენენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ასევე გაეროს კომიტეტების მიერ მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

მისი ინფორმაციით, ეს ყველა ქვეყანაში არ ხდება და პირიქით, ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ამაზე ღიად საუბრობს და რომელსაც სტრასბურგის და გაეროს გადაწყვეტილებები გამოაქვს საერთო სახალხო განხილვისთვის პარლამენტის საშუალებით.

„ძალიან კარგად მახსოვს, დაახლოებით, 1 წლის წინ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი როგორ ერთხმად და ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს საქართველოში ხდებოდა ხელისუფლების მიტაცება, თუთქოს სასამართლო იყო წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაში, თითქოს მედიის თავისუფლება იზღუდებოდა და ამის მაგალითად მოჰყავდათ „რუსთავი2“-ის საქმე.

იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ დემოკრატიის კოლაფსზე საქართველოში, მინდა ვუთხრა, რომ მიკერძოებული ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, არსებობს ობიექტური სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. არსებობს სტრასბურგის მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მნიშვნელოვნდაა გაუმჯობესებული; არსებობს ობიექტური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, ჩვენი საზოგადოების წევრები 4-5-ჯერ ნაკლებად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლების აღდგენის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის ფაქტი და ციფრები, რომელსაც ძალიან კარგად გრძნობს, პირველ რიგში, თავად ჩვენი საზოგადოება. მართალია, ეს არ გვაძლევს კმაყოფილების განცდის შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს და მეტი აღარაფერი გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ჩვენს ქვეყანაშიც არის ადამიანის უფლებების დარღვევის ცალკეული შემთხვევები, თუმცა ჩვენ სისტემური რეფორმებით ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სასამართლო, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები იმისთვის, რომ თითეოული ადამიანი იყოს მაქსიმალურად დაცული.

ჩვენი მიზანია ქვეყანაში, იდეალურ შემთხვევაში, არცერთი ადამიანის უფლება არ დაირღვეს, თუმცა ვხედავთ, რომ იმ სისტემური პრობლემების მხრივ, რაც იყო ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის კუთხით, სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის და ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არის სიღარიბე და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ ამ კუთხით ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად