სოფო კილაძე “ოცნების”ლობისტების წერილზე: კონგრესმენებმა, შესაძლოა, არ იციან დეტალურად რა წერია დოკუმენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე „ქართული ოცნების“ ლობისტების წერილთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ  ივანიშვილის კავშირი პუტინთან უსაფუძვლოა. 

როგორც სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა,  კონგრესმენებმა, არ იცოდნენ, რა წერია დეტალურად დოკუმენტში.

„ბიძინა ივანიშვილის კავშირი პუტინთან და რუსეთთან, ეს არის უსაფუძვლო. ეს თავად დაადასტურა ერთ-ერთმა კონგრესმენმა, რომელიც არის ხელმომწერი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა კონგრესმენებთანაც იგივე მდგომარეობა გვაქვს, ეს არის საკმაოდ მოცულობითი ტექსტი და კონგრესმენები, რომლებიც ძირითადად, ეყრდნობიან თავისი სტაფის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, შესაძლოა, არ იცოდნენ დეტალურად რა წერია დოკუმენტში და ამასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა ჯგუფმა მწვავე ანგარიში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ  ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ანგარიშს 13 კონგრესმენი აწერდა ხელს.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს, „ქართული ოცნების“ ლობისტებმა წერილით უპასუხეს.

საქმე ეხება დოკუმენტს, სადაც კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებენ და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ლობისტების წერილში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის შეფასებასთან დაკავშირებით შეშფოთებულია და ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად