სოფო ხორგუანი: ოქრუაშვილის გეგმები არ ვიცი და ვცდილობ არ შევეხო მათ, ვისთანაც ერთ პარტიაში ვიყავი

განცხადებების სიხისტე არ არის პრობლემა. მე არ მომწონს ის, როდესაც მდაბიო ხასიათის თუ სექსისტური განცხადებები კეთდება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოფო ხორგუანმა “აიპრესთან” ინტერვიუში განცხადა კითხვაზე, მოსწონს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის ხისტი გამონათქვამები. მასთან ინტერვიუს მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

_ თქვენ იყავით ერთ დროს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი. როგორ უყურებთ მის პოლიტიკურ საქმიანობას დღეს?

_ დიახ, თქვენ თქვით, რომ თანაგუნდელები იყავითო. დიახ, მე ორი წელი ვიყავი „რესპუბლიკურ პარტიაში“ და 1 წელი ვიყავი „ქართულ პარტიაში“. სწორედ იმიტომ, რომ თანაგუნდელები ვიყავით, მე ვერაფერს ვიტყვი ჩემს ყოფილ თანაგუნდელებზე. ვცდილობ ხოლმე, რომ მაინცდამაინც არ შევეხო იმას, ვისთანაც ერთ პარტიაში ვიყავი. ამიტომ მე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, რა გეგმები აქვს მას. როგორ ხედავს საკუთარ თავს პოლიტიკაში, ან რა ფორმით აპირებს მოქმედებას.

_ ის გამოირჩევა ხოლმე ხისტი გამონათქვამებით. თქვენ მოგწონთ მისი ეს განცხადებები?

_ განცხადებების სიხისტე არ არის პრობლემა. მე არ მომწონს ის, როდესაც მდაბიო ხასიათის თუ სექსისტური განცხადებები კეთდება. მაგალითად ვიღაცამ სალომე ზურაბიშვილზე დაწერა კუზიანი დედაბერიო. ასეთი სახის განცხადებები და ბილწსიტყვაობის შემცველი გამონათქვამები მზაფრავს, თორემ პოლიტიკოსს როდესაც აქვს ხისტი განცხადებები, ეს მისი ნებაა. ვიღაცას მოსწონს და ვიღაცას არა. ეს გემოვნების ამბავია.

_ როდესაც ოქრუაშვილი იყო ციხეში მას მხარს უჭერდა მთელი ოპოზიცია და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. გამოდის ციხიდან და ამბობს, რომ ყველამ უნდა გადავდოთ პირადი საკითხები და ქვეყნისთვის ვიმუშავოთო და ამ დროს ასევე ციხიდან ახლად გამოსულ ვანო მერაბიშვილზე ამბობს, რომ მის ადგილს პოლიტიკაში ვერ ხედავს. მთელი ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რამდენად გამართლებული გგონიათ ეს პოლიტიკურად?

_ არ ვიცი. მე ხომ არ ვიცი, რა არის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გეგმები. მე არ ვიცი თავის თავს როგორ ხედავს და რა გეგმები აქვს. გააჩნია, რა მიზანი აქვს მას. როდესაც ის და მერაბიშვილი ერთ გუნდში იყვნენ და სააკაშვილის მთავრობაში ორივე მინისტრი იყო, მაშინაც კი არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. რამე პოლიტიკური გათვლა ჰქონდა თუ არა ამ განცხადებაში, ეს მე არ ვიცი. ეს მას თავად ჰკითხეთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად