სოფო ხორგუანი: ოპოზიციის ნაწილი პრორუსულ განწყობებს აღვივებს და პროდასავლურ გზას ეჭვქვეშ აყენებს

პოლიტიკოსი და უფლებადამცველი სოფო ხორგუანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თავის თავს პროდასავლურს უწოდებს, პრორუსულ განწყობებს აღვივებს თავისი მოქმედებებით.

როგორც სოფო ხორგუანმა “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, გამოჩნდა, რომ მათაც არ უნდათ დასავლეთი და მათი მთავარი მიზანი არის ვაი პოლიტიკური მიზნის მიღწევა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე ფრაგმენტს:

სოფო ხორგუანი: ოპოზიციის ნაწილი რომელიც ამბობს, რომ თითქოს პროდასავლურები არიან, რეალურად კარგად გამოჩნდა, რომ მათაც არ უნდათ დასავლეთი და მათი მთავარი მიზანი არის ვაი პოლიტიკური მიზნის მიღწევა.

_ ვის გულისხმობთ და რა გაქვთ მხედველობაში?

_ იმ ძალებს, რომლებიც საკუთარ თავს პროდასავლურ ძალებს უწოდებენ.

_ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო გყავთ მხედველობაში?

_ რა თქმა უნდა. თუ გრძნობენ ამას, რომ პრორუსული ძალები გამოიყენებს ამას და ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება გამოიყენოს ეს და არა მხოლოდ ასეთი, ყალბ ნიუსებს იგონებს და ა. შ.

ოპოზიციის მოქმედებას რაც შეეხება, ჩემთვის ისინი ახალი სახეები არ არიან და არც ახალია მათი მოქმედება. მეტი პასუხისმგებლობით რომ მოქცეულიყვნენ, გამიკვირდებოდა. ისინი ასე იქცევიან, ოღონდ თავისთვის სასარგებლო რაღაც მიიღონ და ყველაფერზე მიდიან. პრორუსულ განწყობებს აღვივებენ და პროდასავლურ გზას ეჭვქვეშ აყენებენ. ძალიან ლოგიკური იყო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაც, მაგრამ აი ეს, როდესაც პარლამენტის წევრი ხარ და იძლევი დაპირებას, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იქნება და თან ამაში იმას გულისხმობ, რომ მართლმსაჯულებაში ერევი, ეს ყველაზე უხერხულია, რასაც ახლა ვუყურებ. მინდა მოვისმინო ირაკლი კობახიძისგან მეტი განმარტებები და მეტი ინფორმაცია მივიღო იმ მოლაპარაკებების შესახებ, რეალურად რა პირობა დადეს.

_ თქვენ არ გქონიათ კითხვები ამ კონკრეტული პოლიტიკოსების დაჭერასთან დაკავშირებით? შერჩევითი სამართლის ნიშნები ვერ დაინახეთ?

_ ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდით. მე ეს საქმეები არ შემისწავლია და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მე ვერ ვილაპარაკებ. ამიტომ, მე ვერ ვილაპარაკებ, სწორად წარიმართა ეს სისხლის სამართლის საქმეები თუ არა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად