“სოფლის სახლი” ძროხებით და ციტრუსებით – პროექტი დევნილებისთვის

პროექტი დევნილებისთვის – "სოფლის სახლი", რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ დევნილი თავად არჩევს სახლს, გრძელდება. თუ პროექტში გათვალისწინებული იყო წელიწადში 60 სახლის შესყიდვა, გასულ წელს სამინისტრომ 200 ასეთი სახლი შეისყიდა და გადასცა დევნილებს. 

როგორც "აიპრესთან" ინტერვიუში ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, დევნილებს საშუალება აქვთ, თავად აარჩიონ სახლი მიწის ნაკვეთით და შესთავაზონ ლტოლვილთა სამინისტროს, რომ თავის მხრივ, უწყებამ შეისყიდოს.

"ეს არის პროექტი – სოფლებში სახლების შესყიდვა დევნილებისთვის, აქ ამ პროექტის პლიუსი არის, რომ დევნილი თვითონ პოულობს სახლს, რომელიც სურს, თვითონ აწარმოებს მოლაპარაკებებს მესაკუთრესთან, შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის შემოწმების შემდეგ – რომ შენობა მყარია და ნამდვილად ეს ფასი ღირს, ჩვენ ვყიდულობთ ამ ბინას. თუ სახელმწიფოს განსაზღვრულ ფასზე მეტია, დევნილს შეუძლია დაამატოს თანხა.

იყო შემთხვევა, რომ დასავლეთ საქართველოში შევისყიდეთ სახლი 8 ჰექტარი მიწით, აქედან 2.5 ჰექტარზე გაშენებული იყო ციტრუსი. ახლა მოლაპარაკება მიდის სახლზე, რომელსაც 20-მდე ძროხა ახლავს თან, რომ შევადაროთ ახალი სახლის მშენებლობას, მიზერული თანხა ჯდება და სამაგიეროდ ადამიანებს უჩნდებათ შემოსავალი და ის აღარ არის სახელმწიფოს ხელის შემყურე, როდის გაზრდის შემწეობას და ა.შ.

მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში რომ ვნახე, არსებობს ასეთი პროექტი, ასეთი კარგი პროექტია და რატომ გვინდა რომ წელიწადში მხოლოდ 60 სახლი ვიყიდოთ თქო? შარშან მოვასწარით, 200-მდე ადამიანს შევუძინეთ სახლი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა გაჭირვებულ ადამიანს ახერხებ რომ დაეხმარო და არაადამიანური პირობებიდან ახერხებ რომ დაეხმარო, არაადამიანური პირობებიდან სახლში გადაიყვანო, ძალიან დიდ სტიმულს გაძლევს, რომ გააგრძელო საქმიანობა!",-განაცხადა სუბარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად