სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მონიტორინგის წლიურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სათანადო წესით ხდება სურსათის ნიმუშების აღება და შემოწმება მისი საკვებად ვარგისიანობის დადგენის მიზნით.

2015 წლის დასაწყისიდან დღემდე, უკვე განხორციელდა 971 ინსპექტირება. აქედან საწარმოო პროცესი შეუჩერდა 12 ბიზნესოპერატორს, ხოლო დაჯარიმდა 63 ოპერატორი. არაერთ შემთხვევაში გამოვლენილი კრიტიკულად შეუსაბამო დარღვევები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენდა.

მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგი ვალდებულია, აღკვეთოს სურსათის სარეალიზაციო ქსელში მოხვედრა, ან უზრუნველყოს სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი პირველ ჯერზე 1000 ლარით ჯარიმდება.

ანალოგიური ქმედების განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა კვლავ 1000 ლარია. სურსათის უვნებლობის კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისათვის, საჯარიმო სანქცია სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია გადახედოს საჯარიმო პოლიტიკას, მისი გამკაცრების მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...