A2 ბანერი
A2 ბანერი

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სტიპენდიატების არჩევის უფლებამოსილება ექნება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სტიპენდიატების არჩვის და მათი ანაზღაურების წესი განესაზღვრებათ. ცვლილებას „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

კანონპროექტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გრძელვადიანი სამეცნიერო სტიპენდიების დაწესებას და წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტის სტიპენდიანტთა ინსტიტუტით ეტაპობრივ ჩანაცვლებას, ვინაიდან მოქმედი კანონის თანახმად, წევრ-კორესპონდენტების არჩევა აღარ ხდება.

პროექტის მიხედვით, წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა ა უნდა აღემატებოდეს 10-ს.

პროექტის თანახმად, აკადემიის სტიპენდიანტად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიის სტიპენდიანტის არჩევისას, მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს, იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს საქართველოში. სტიპენდიანტი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის სტიპენდიანტად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაში ჩართვა.

„კანონის მიღება გააუმჯობესებს საქართველოს სოფლის მეცნიერებათა აკადემიის მუშაობას და სამეცნიერო პოტენციალს, ხელს შეუწყობს აგრარულ სფეროში საქართველოში წარმოებული კვლევითი სამუშაოების კოორდინაციას და კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვას”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოთარ დანელია და გია ჟორჟოლიანი არიან.

კომენტარები
იტვირთება...