სოფიო ქაცარავა: ვერავის აიძულებ, დაუჭიროს პროექტს მხარი, რომელიც მათთვის მიუღებელია

დეპუტატები, რომლებმაც გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, სამომავლო გეგმებს დღეს განიხილავენ”,-ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ დროსითვის, რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეუძლია.

„ამ წუთას ვერანაირ კონკრეტიკას ვერ გეტყვით. კოლეგებთან შეხვედრას რაც შეეხება, სამი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და ბუნებრივია, მათთან შეხვედრები ახლაც გვაქვს და ეს ნორმალური პროცესია. გუნდში დაბრუნების პერსპექტივას კი ვერ ვხედავ“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, პარლამენტარმა განმარტა, რომ ასეთი გეგმები ამ წუთისთვის არ არის.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება მოსაზრებას, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან გაუჭირდებოდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამართლება, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „საკითხი ამაზე არ არის“.

„გამართლება-არგამართლებაზე არ არის. ვნახეთ, როგორც განვითარდა პროცესები. მაჟორიტარების ჯგუფი იყო, რომელმაც ამას მხარი არ დაუჭირა. ვერავის აიძულებ, დაუჭიროს პროექტს მხარი, რომელიც მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა ქაცარავამ.

შეგახსენებთ: 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. ამის შემდეგ უმრავლესობის რიგების და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად