სოფიო კილაძე: 2019 წელი ქართული სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების კუთხით ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ 2019 წელი ქართული სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების კუთხით ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. ​ამის შესახებ სოფიო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და დეპუტატებს შეახსენა, რომ დღეს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

“2019 წელი ქართული სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების კუთხით ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. პოლიტიკური მღელვარების ფონზე მნიშვნელოვანი იყო ბალანსის დაცვა ადამიანის უფლებებს და საზოგადოებრივ წესრიგს შორის. მე, როგორც უფლებადამცველი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და პოლიტიკოსი ვისურვებდი, რომ 20 ივნისის პროტესტი დასრულებულიყო მშვიდობიანად, ადამიანების დაზიანების გარეშე. თუმცა, ძალის გადამეტების თითოეულ შემთხვევას, მნიშვნელოვანია რომ ადეკვატური, შესაბამისი პასუხი გაეცეს და ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს”-განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისი თქმით, ყველაზე მეტად აღსანიშნავია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

“ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის 32-ე დღეა. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე, იმისთვის რომ ექიმი იქნას გათავისუფლებული უკანონო დაკავებისგან”- განაცხადა სოფიო კილაძემ და მთავარ გამოწვევებად დაასახელა შრომითი უსაფრთხოება და შრომითი უფლებები.

მისი თქმით, ასევე საგანგაშოა სტატისტიკა, რომელიც გვაქვს სწორედ სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების კუთხით და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა.

“ვისურვებდი, რომ 2020 წელი საქართველოს პარლამენტმა დიდი დრო დაუთმოს ამ უდიდეს პრობლემას და მასთან ბრძოლას. გამოწვევად რჩება თანასწორობის პრობლემის უზრუნველყოფა, უმცირესობის უფლებები, მედიკამენტების და ჯანდაცვის სერვისებზე მაღალი ფასები რჩება კვლავ გამოწვევად. ამ გამოწვევების პარალელურად, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით: აღვნიშნავდი ბავშვის უფლებების კოდექსს. პარლამენტმა ბევრი იმუშავა ქალთა ძალადობის და ოჯახში ძალადობის კუთხით და ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილებები, ვფიქრობ, რომ ბევრ ტრაგედიას აგვაცილებს თავიდან”- განაცხადა სოფიო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად