სოფელ ნატანებში ადგილობრივები გადათხრილი გზების გამო გაზის კომპანიას დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის სოფელ ნატანებში ადგილობრივები გაზის კომპანიის წარმომადგენლებს გადათხრილი გზების გამო დაუპირისპირდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირების დროს ნატანების ტერიტორიულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ილია თავაძეც ცემეს, თუმცა ეს ინფორმაცია "აიპრესს" ოზურგეთის გამგეობის პრესსამსახურმა არ დაუდასტურა.

"ადგილობრივები გაზმომარაგების კომპანიას, STS-ჯგუფი, ედავებიან იმის გამო, რომ გადათხრილია გზები. დღეს დაიწყო ხრეშის შეტანა, მაგრამ ვერ გადაიფარა იმის გამო, რომ უნდა მოხდეს გაზის მილების გატესტვა, სადმე ხომ არ აპარებს. ერთ კვირაში ორმოები გადაიფარება და შემდეგ ჩვეულებრივ მოიხრეშება. თვის ბოლოს დასრულდება სამუშაოები თავიდან ბოლომდე.

ხალხს გადაადგილებისას დისკომფორტი ექმნება. თან მოახლოებულია ციტრუსის რეალიზაციის სეზონი. მოსახლეობას კომპანიის წარმომადგენელთან დავით სიდამონიძესთან მოუვიდათ დაპირისპირება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ილია თავაძე ნაცემი არ არის. ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა იყო. ძალიან არ დაძაბულა სიტუაცია. მუნიციპალიტეტი ვერ ერევა იმიტომ, რომ კერძო კომპანია ახორციელებს ამ სამუშაოებს. მისი ვალდებულებაა დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება", – განგვიცხადეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში. 

მიმდინარე სამუშაოებს სოფელ ნატანებში STS-ჯგუფი აწარმოებს და პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად