სოფელ ლატალის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გვიან ღამით, ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან. ამ დროისთვის, ხანძრის კერებთან მუშაობს ცოცხალი ძალა – 125 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. ადგილზე სამუშაოებს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

მეხანძრე-მაშველების მიერ მთელი ღამის განმავლობაში, აქტიური ქრობის სამუშაოების შედეგად, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში სოფელი ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია გუშინ შემოვიდა.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად