სოფელ ბორბალოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ბორბალოში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, საბავშვო ბაღის შენობის მოძველებული ინფრასტრუქტურა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნიდა, ვინაიდან მთლიანად იყო მწყობრიდან გამოსული შენობის სახურავი, კედლები, შენობაში არ არსებობდა წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემა, ხოლო არსებული ოთახები არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.

საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს შემუშავდა საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას.

პროექტით გათვალიწინებულია შენობის სახურავის გადახურვა თუნუქით, სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწყობა, შენობაში კოსმეტიკური რემონტის ჩატარება და სხვა.

საბავშვო ბაღში, რომელიც სოფელ ბორბალოს და ღოუბნის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემსახურება, ამჟამად 40 აღსაზრდელია,

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ახლადრეაბილიტირებული ბაღის შენობა გათვლილი იქნება 60 ბავშვზე. შენობაში შექმნილი გაუმჯობესებული პირობები ხელს შეუწყობს ბავშვების ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდის პროცესის სრულყოფას.
 
აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 79 293 ლარს აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი 75 328 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3964,68 ლარი.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 5 მაისს დაიწყო და მისი დასრულება ხელშეკრულებით 2016 წლის 1 ნოემბერს არის გათვალისწინებული.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...