სომხეთის პრეზიდენტმა თურქეთი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი სიტყვით გამოვიდა კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე CYBERSEC 2020, რომელიც ნატო-სთან პარტნიორობით ტარდება. კერძოდ, მან თურქეთი დაადანაშაულა აზერბაიჯანის მხარდაჭერაში მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტში.

“უნდა აღვნიშნო, რომ ნატო-ს წევრი თურქეთი სრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანს თავისი თვითმფრინავებით, კიბერშეტევებით, ასევე პერსონალით – მრჩეველებით, დაქირავებული სამხედროებით და F-16 გამანადგურებლებით”, – მიმართა სარქისიანმა კონფერენციის მონაწილეებს.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მუდმივად ხვდება თურქეთის მხრიდან კიბერშეტევებს და რომ “ვირტუალური საფრთხე უფრო და უფრო რეალური ხდება”.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში ივლისში გამწვავდა. ქვეყნებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა.

27 სექტემბერს დილით, საომარი მოქმედებები განახლდა. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. ბაქომ განაცხადა სომხეთის მხრიდან ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების ფართომასშტაბიანი დაბომბვის შესახებ, ერევანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა პირველმა დაბომბა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და 18 წელზე მეტი ასაკის პირთა საერთო მობილიზაცია. საომარი მდგომარეობა აგრეთვე გამოცხადებულია სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანში ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად