სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებები მოხდა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ივლისს გამთენიისას, შეტაკებები მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ერევანი ბაქოს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

“სიტუაციის გამწვავებაში მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება”, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, ბაქო საზღვარზე შეტაკებებში სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სომხეთის მხრიდან ქელბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე თავდასხმის დროს ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

ბაქო ერევანს ადანაშაულებს საზღვარზე დაძაბულობის გამწვავებაში.

ერევანსა და ბაქოს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 2020 წლის ზაფხულში გამწვავდა და სექტემბრის ბოლოს მასშტაბური საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა. კონფლიქტის შედეგად 6 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ნოემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ასევე აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლისა და სადავო რეგიონში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ. შეთანხმებამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ერევანში, სადაც მთავრობის მეთაურს “კაპიტულაციურ” პირობებზე დათანხმების გამო აკრიტიკებდნენ.

კომენტარები
იტვირთება...